საზოგადოება
ძალადობისგან დაუცველი ბავშვები საქართველოში - მენტალური და პროცედურული ბარიერები
FaceBook
"10 -11 წლის ბავშვს წლის ბოლოს მაღალი ნიშნები არ გამოყვა და დედამ ასე დასაჯა - ბავშვის საყვარელი კურდღელი დაუკლა და აიძულა ეჭამა მისი ხორცი. მერე დასჯის ამ ისტორიას ამაყად ყვებოდა სხვა მშობლებთან"...

"ჩემი მეზობლის ბავშვი სამი წლისაა და ყოველ საღამოს მესმის როგორ აგინებს მამამისი და ეჩხუბება დედამისი, გინება იმატებს, თუკი ბავშვი ავადაა, ახველებს და ამით ხმაურს იწვევს..."

აღნიშნულ ისტორიებს ხშირად მოისმენ ან წაიკითხავ ფეისბუკის პოსტებში. ადამიანები ყვებიან ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ზოგჯერ სხვის მიერ ჩადენილს, ზოგჯერ მთხრობელის მიერ განხორციელებულს ისე, რომ საკუთარ ქცევას არ არქმევს ძალადობის სახელს.
ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით რთულ სიტუაციაზე მიუთითებს გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევა. სირთულეს ქმნის ისიც, რომ ძალადობას აღზრდის, დისციპლინის ან ტრადიციის კვალიფიკაცია ეძლევა და არ მოიხსენიება მისი რეალური მნიშვნელობით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. ისინი "ძალას" უფრო ენდობიან, ვიდრე სიტყვას.
თუმცა "სიტყვა" ბრძანების სახით (სხვა კანონებთან ერთად) უკვე ხუთი წელია იცავს ბავშვებს ძალადობისგან საქართველოში. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები 2010 წლიდან მოქმედებს. იგი სამმა მინისტრმა დაამტკიცა. შესაბამისად, ბავშვთა დაცვაში სამი სამინისტრო -   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან ჩართული.
მიუხედავად ბრძანების 5 წლიანი სტაჟისა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საქმის ძირითადი ტვირთი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ სააგენტოზე მოდის. ბავშვთა უფლებების საკითხზე მომუშავე NGO- ების ინფორმაციით,  წინა წლების განმავლობაში რეფერირების მექანიზმის ფარგლებში მომართვა არ ხდებოდა განათლების უწყებიდან სოციალურ მუშაკებთან. გამონაკლისი ბოლო რამოდენიმე თვეა, როდესაც სამინისტრო გააქტიურდა.
პასიურობის მიზეზად ისიც სახელდება, რომ ჯერ კიდევ არ არის გაწერილი რეგულაციები. სკოლებმა ზუსტად არ იციან რა შემთხვევაში როგორ მოიქცნენ და როგორი რეაგირება ქონდეთ ძალადობის სხვადასხვა ფაქტზე.
რაც შეეხება შსს-ს, ის ძირითადად მაშინ ერთვება, როდესაც ფიზიკური ძალადობა ხდება და გარეგნულად აღენიშნება ბავშვს ძალადობის კვალი.
შესაბამისად ძალადობის გამოვლენა-რეაგირების მთელი პასუხისმგებლობა აწვება სოციალურ სააგენტოს, რომელსაც კვალიფიციურ კადრებთან ერთად, ადამიანური რესურსის დეფიციტიც აქვს. მაგალითად, აჭარაში ერთ სოციალურ აგენტზე 260 შემთხვევა ფიქსირდება. ასეთი სიმრავლე აგდებს მომსახურების ხარისხსაც. რაც უნდა გულისხმიერად მოეკიდოს აგენტი საკუთარ საქმეს, ფიზიკურად ვერ გაწვდება ამდენ შემთხვევას - აღნიშნავენ ორგანიზაციაში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
ქუთაისიპოსტი შეეცადა მეტი ინფორმაციის აღებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის წარმომადგენლობიდან რეფერირების პროცედურებზე, სააგენტოს მუშაობის პრინციპებზე, როგორ მოიქცეს მოქალაქე ძალადობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში და ა.შ. თუმცა სააგენტოში მშრალი პასუხით შემოიფარგლნენ - "სააგენტო რეფერირების პროცედურების შესაბამისად მოქმედებს".
პრობლემას ქმნის საზოგადოებაში ფეხმოკიდებული ჩაურევლობის პოლიტიკაც. საზოგადოება უმეტესწილად მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია. ჩარევაზე შეიძლება თავი შეიკავონ პროფესიონალებმაც. ამაზე გაეროს კვლევა მიუთითებს.
"ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ (60%), რომელთაც კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება, არ იცის ამ პასუხისმგებლობის შესახებ და ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია ამაში არ ჩაერიონ".
თუმცა ჩაურევლობას განაპირობებს ის პროცედურები და დიდი ბიუროკრატიაც, რომელსაც მოქალაქე აწყდება პოლიციაში ძალადობის ფაქტის გაჟღერების შემთხვევაში.
"მოქალაქეს ხვდება ათასი ბარიერი, მას იბარებენ დაკითხვაზე და ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. არ უნარჩუნდება კონფიდენციალობა, ამიტომ მოქალაქეებს ურჩევნიათ ჩვენ NGO-ს მოგვმართონ, რომ მერე ჩვენ მოვახდინოთ რეაგირება და ჩვენ ვაწარმოოთ შსს-სთან ურთიერთობა", - ამბობს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის პროექტის მენეჯერი ანა არგანაშვილი.
ბავშვის დაცვას საქართველოში ბევრი ბარიერი ეღობება მენტალური თუ პროცედურული, რეგულაციების არარსებობა, ან პირიქით - მეტისმეტი გადატვირთვა პროცედურებით. მიუხედავად კანონებისა, პასუხისმგებელი უწყებებისა და საზოგადოების სენტიმენტებისა "სიცოცხლის ყვავილების" მიმართ საქართველო რჩება ქვეყნად, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია.

ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.