საზოგადოება
80 წლის წინ „გურიელი“ ნიუ-იორკული ბრენდი იყო
FaceBook
დღეს, თითქმის ყველამ იცის ჩაი "გურიელი", მაგრამ ეს სახელი გაცილებით ადრე იყო ცნობილი ნიუ-იორკში, - თუმცა სხვა ხაზით.

მაშინდელ ამერიკაში, ქალთა პარფიუმერიის მინდორზე სულ ორად ორი შამანი ებრძოდა ერთმანეთს, - ელიზაბეთ არდენი და ჰელენე რუბენშტეინი.

მე ახლა 1915 წლის ნიუ-იორკზე გიყვებით.

მაშინ ყველაფერი ახალი ხილი იყო და მეგაპოლისში დამკვიდრებისათვის ყველა ხერხს იყენებდნენ ეს ორი მეტოქე.

რუბენშტეინმა მარკეტისათვის მეჯლისების გამართვას მიჰყო ხელი და ცნობილიც ერთი ფრაზით გახდა.
ერთ მეჯლისზე, ფრანგმა ელჩმა ფრანგულად მიმართა ინგლისელ პოეტს ედით სტილველს და მის ძმას, ინგლისელ მწერალ საჩავერელ სტილველს: "Vos ancêtres ont brûlé Jeanne d'Arc!"

რუბენშტეინმა, რომელსაც თითქმის არ ესმოდა ფრანგული, სტუმრებს სთხოვა ეთარგმნათ.
"მან თქვაო, თქვენმა წინაპრებმა დაწვეს ჟანა დ"არკიო".
არ დაიბნა ამ უხერხული და მოულოდნელი ციტატით რუბენშტეინი, სტუმრების გამოყვანაც რომ უნდოდა ამ უხერხულობიდან და დარბაზს უპასუხა:
"ვიღაცას ხომ უნდა დაეწვაო."

ერთი შეხედვით ამ დაუფიქრებელი და დახეთქებული პასუხით, ჰელენე რუბენშტეინმა ინგლისელების სიყვარული ჯიბეში ჩაისვა, - ჟანა დ"არკი ხომ ფრანგების განმათავისუფლებელი ლიდერი იყო ინგლისელთა წინააღმდეგ.

მაგრამ, ამ ციტატის მსოფლიო პრესის ფურცლებზე გამოფენა საკმარისი არ იყო.
რაღაც ახალი იყო საჭირო!

მაშინდელ ნიუ-იორკში, ღარიბულ ენაზე რომ ვთქვათ, "პარადი მიყავდა" სხვადასხვა სამეფო ოჯახისა თუ დინასტიის ემიგრირებულ ნაწილს - პრინც იმას, პრინცესა ამას, და ათასი ჯურის მის აღმატებულებას.
აი, ეს ტიტული სჭირდებოდა ჰელენე რუბენშტეინს მისი პარფიუმერიის ხაზის უკეთ შესაფუთად.

და 1938-ში, 68 წლის პარფიუმერიის დედოფალი თვალს დაადგამს და დაუყოვნებლივ ქორწინდება 23 წლით უმცროსს, მაშინ 43 წლის თავად (პრინც) არჩილ გურიელი-ჭყონიაზე, რომელსაც თავადის გვარი ბებიასგან დაუტოვებია.

იმ წუთიდან კრაკოვში დაბადებული ჩაჯა (ჰელენე) რუბენშტეინი, უკვე პრინცესა გურიელი ხდება.
ელიზაბეთ არდენის გულის გასახეთქად.

შემდეგ მას ინიციატივით ამარაგებს არჩილი, ნიუ-იორკში ხსნიან "გურიელის სახლს", სადაც შეძლებულ ჯენტლმენებს შეუძლიათ აირჩიონ თავისთვის ყველაფერი - ცხვირსახოციდან დაწყებული პარფიუმერიით დამთავრებული.

არჩილ გურიელს მხარს უმაგრებს მისი გამოცდილებაც, მას უკვე პრინც გიორგი მაჩაბელის პარფიუმერიის ხაზი აქვს აწყობილი და წლები ხელმძღვანელობდა კომპანიას.
ახლა კი, ამ ქორწინებით, იმპერიულ სიმაღლეზე ადის მისი სახელი - გურიელი, და ეძლევა იმის შანსიც, გადაჩრდილოს კიდეც მაჩაბელის დიდება.

რატომ, ხუთი საათი?

გურიელი, 5 საათი.
ეს სუნამო, ქალებისთვის, პირადად არჩილ გურიელის ხაზი იყო.
"კაცმა შეიძლება არ იცოდეს ყველაფერი ქალის პარფიუმერიის შესახებ, მაგრამ ის მაინც იცის, თუ რა მოსწონს თავად. ერთნაირად მსუბუქი და ხანგრძლივობა ერთ წვეთში! შეიპკურებ ზუსტად საღამოს 5 საათზე და გამოგყვება დილის 5-მდე." - ეს ერთი რეკლამაა, 1947 წლის ჟურნალებიდან.



როგორ მოხვდა სუნამო ჩემს კოლექციაში?

ამ პარფიუმერიის არსებობის შესახებ 2008 წლამდე არაფერი ვიცოდი.
წლების წინ მოვიძიე არჩიელ გურიელის საფლავი მასპეტში, ვიცოდი მისი ქორწინების შესახებ, მაგრამ თუ მას კონკრეტულად, ჰელენესგან განსხვავებული პარფიუმერიის ხაზი გააჩნდა, ეს აუქციონამდე არც გამეგონა.

ლონგ აილენდზე სოთბის აუქციონზე ვიმყოფებოდი. მაშინ ლოტად გამოჰქონდათ მაჩაბელის "საქართველოს დედოფალი" და მის შესაძენად გახლდით ჩასული.

ახალი დაწყებული იყო აუქციონი, როცა ლოტად გამოიტანეს ეს სუნამო.
მხოლოდ სამად სამი სიტყვა ეწერა: GOURIELLI, Five 0’clock.

დამაეჭვა ორი "ელით" დაწერილმა გვარმაც (იტალიურს მივამსგავსე) და ამ სუნამოს ჩემთვის უცნობობამაც.
სიტყვა ვითხოვე, ავუხსენი რომ ვარ ქართველი მკვლევარი და ლოტთან დაკავშირებით მჭირდებოდა ერთი საათით აუქციონის გადადება.
მახსოვს, ტელეფონით (მაშინ ბლექბერის ტელეფონებზე ინტერნეტი ნელი იყო) როგორ ვეძებდი კონგრესის ბიბლიოთეკის არქივში საპატენტო მონაცემებს. და ასეთის ნახვის შემდეგ, უკან შებრუნებულმა აღარ დავთმე და სხვა მრავალ სუნამოსთან ერთად, უკვე "გურიელიც" ჩემს პირად კოლექციაშია.

სალვადორ დალის "კაცი ჩაქურაში"

ამ ქორწინებამ გურიელებს საკუთარი ადგილი მიუჩინა მაშინდელი ნიუ-იორკის ელიტარულ წრეებში. მათთან მეგობრობდა ესპანელი მხატვარი სალვადორ დალიც, რომელმაც წყვილის პორტრეტები ცალ-ცალკე, ჩვენთვის, ქართველთათვის საინტერესო სიუჟეტურ ქარგაში შეასრულა.

არჩილ გურიელი ნახატზე გურულ ჩაქურაშია გამოსახული, პეიზაჟად კი დათოვლილი მთები, ზღვა და არგონავტების გემებია გამოსახული. როგორც ჩანს გურიელმა დალის ამირანის, კლდეზე მიჯაჭვული გმირის შესახებაც მოუყვა. ამიტომაც ამირანი-პრომეთეს თემა არჩილის პეიზაჟადაცაა და აგრეთვე ჰელენე რუბენშტაინის პორტრეტის მთავარ თემად.

არჩილის პორტრეტის უკან ქართული ეკლესიის გუმბათიც ჩანს.
1943 წელს შექმნილი ამ პორტრეტის ფასი დღეს 1.5 მილიონი დოლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.