საზოგადოება
ჩემპიონი და პირველი ქუთაისელი ჰოლივუდურ ფილმში
FaceBook
1928 წლის 9 ოქტომბერს, აი, ზუსტად 90 წლის წინათ, ნიუ-იორკის სადგურში შემოვიდა გემი "ვოლენდამი" და იქიდან მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა კოლია ქვარიანი, - ამერიკის დასაპყრობად.

"შალიკო, ამ კბილს ვალოდია იშხნელი თუ ამოგაძრობს, ან კოლია ქვარიანიო, მე მაგის ხელისმომკიდებელი არ ვარო, და ვალოდია შენს მეზობლად წევს საფიჩხიის სასაფლაოზე, კოლია ქვარიანი ამერიკაშია და რა გიყოო" - ასე იწყება რეზო ჭეიშვილის რომანი "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი", ჯერ კიდევ გაგანია კომუნიზმში, 1985 წელს გამოცემული.

მაშინ ამერიკის ხსენება წიგნებში იკრძალებოდა, არათუ იქ წასვლა და დარჩენა.

სტალინისთვის უთხოვია, ქუთაისელ კოლია ქვარიანს ამერიკაში გამგზავრების ნებართვა: "წავალ, ვიჭიდავებ, დავბრუნდები და ამ სახეობის გავრცელებაზე ვიზრუნებო", - მაშინ ჯერაც ახალ, რომაულ ჭიდაობაზე ეუბნებოდა.

მანამდე, ჯერაც გიმნაზიელი, თავს რიონის ტალღებს აძლევდა ხოლმე. ყველა როდი ბედავდა მაშინ რიონის მღელვარე ტალღებს შესჭიდებოდა. ამიტომაც უწოდეს იმ ადგილს ქუთათურებმა "ქვარიანის ჩქერები".

ამერიკაში კი, - განა მარტო ამერიგო ვესტბუჩი და კოლუმბი ჩამოვიდა ამ განზრახვით?

იქიდან მოყოლებული, ამ ჩვენმა ქუთათურმა, დაამარცხა ამერიკელების კერპი ტოტსმონდი, შემდეგ ბეროკი და თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში მახრჩობელად ცნობილი ედი ლუისი. კლუკსტორსი რომ დაამარცხა, მარცხით შეურაცხყოფილმა ამერიკის კერპმა თითი ჩათხარა მარჯვენა თვალში და დააბრმავა.

გამარჯვებებს წარმატებები მოყვა და ამას კიდევ დიდი ფინანსები. კოლია ქვარიანმა ნიუ-იორკის 42-ე ქუჩაზე (დღევანდელი დისნეის მაღაზიის ადგილას) შენობა შეიძინა და პატარა სასტუმრო, საჭიდაო დარბაზი და საჭადრაკო კლუბი მოაწყო.

აი, ზუსტად ამ კლუბშია გადაღებული ჰოლივუდური ფილმის "მკვლელობის" ერთი სცენა, სადაც რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა 1956 წელს ერთ-ერთ როლზე დაამტკიცა კოლა ქვარიანი.

იგი პირველი და დღემდე ერთადერთი ქუთაისელია ჰოლივუდური ფილმის კინო-ეკრანზე.

ეს ბეჭდადაუდებელი ფალავანი სიკვდილმაც გამოიწვია ჭიდილში: პუერტო-რიკოელებთან ჩხუბში მოხუც გამშველებელს დაუნდობლად სცემეს, ისინი ხუთნი იყვნენ, - ეს ერთი, 77 წლის.

1980 წლის 7 იანვარს, შობა ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას დიდხანს არ უცოცხლია, 26 თებერვალს, დღის სამ საათსა და 5 წუთზე იგი სტეიტენ აილენდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მისი საფლავს ათეული წელი ვეძებდი. დაკარგულს რკინის ფარდის გამო. მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ, ქალაქ ლინდენის როუზჰილის ღატაკთა სექციაში ვიპოვე და მის შემდეგ ყოველ აღდგომას წითელი კვერცხით იფარება მისი განსასვენარი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.