სტატისტიკა ყოველთვის ცივი და მშრალი ფორმით გველაპარაკება. თუმცა
მისი მშრალი ციფრები არსებული ან მოახლოებული დრამების, სიკეთეების,
რევოლუციებისა და კრიზისების მაუწყებელი შეიძლება იყოს.
ასეთი, მრავლისმთქმელია საქართველოში ქორწინებისა და განქორწინებების
სტატისტიკაც, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განქორწინების
რიცხვის საგრძნობი ზრდისა და ქორწინების კლების ტენდენციებზე
მიუთითებს.
განქორწინების ინიციატორები უმეტესად ქალები არიან.
განქორწინება, როგორც "მონობიდან
გათავისუფლების" საშუალება
განქორწინება ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა. 42 წლის მარი
(სახელი შეცვლილია) დაშორების ინიციატორი თავად იყო. მეუღლისადმი
სრული მორჩილების შესახებ უხილავი ხელშეკრულების დარღვევის სურვილი
წლების განმავლობაში მწიფდებოდა. ხელშეკრულება თავად არ გაუფორმებია,
მის ნაცვლად ეს ტრადიციამ გააკეთა. თუმცა, შესრულების ვალდებულება მას
დაეკისრა. ისიც ასრულებდა ათი წელი. სანამ ერთ დღესაც ანულირებულად არ
გამოაცხადა.
განქორწინებაზე მარის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბევრი უძილო ღამე,
შიში და ბარიერი. იცოდა სამყაროს ერთ მხარეს შვილებთან ერთად მარტო
აღმოჩნდებოდა. მეორე მხარეს დანარჩენი მსოფლიო - ქალის მიმართ
წაყენებული ბრალდებებით, ვალდებულებებით, ცნებებით და მცნებებით,
რომელიც ქალისგან ერთ კონკრეტულ როლს ითხოვს.
"მამაკაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქალი უნდა იყოს მონა,
მოითმინოს კაცის ყველაფერი, მათ შორის წარმოუდგენელი საზიზღრობებიც,
რაც მას თავში მოუვა. არა მაქვს ლაპარაკი რიგით პრობლემებზე. ეს კი
უნდა ითმინო, რადგან არ არსებობს ურთიერთობები კონფლიქტების და
პრობლემების გარეშე. თუმცა ამას გავაკეთებ იმ შემთხვევაში, თუკი მე
შენთვის ადამიანი ვარ, ერთად გადავლახოთ და მოვუაროთ ამ პრობლემებს.
მაგრამ, როცა ვხედავ რომ მე შენთვის არარაობა და ნივთი ვარ, რომელსაც
სადაც გინდა იქით გადაისვრი, მაშინ ბოლოსდაბოლოს წინააღმდეგობას
გაგიწევ," - ამბობს მარი.
ის ოთხი წელია წინააღმდეგობის რეჟიმშია. გადაწყვეტილებას არ ნანობს,
რადგან თვლის რომ განქორწინებით მეტი მიიღო, ვიდრე დაკარგა. პირველ
რიგში მიიღო საკუთარი თავი. დღეს იგი არავის საკუთრებაში აღარაა.
"კაცის სურვილია ძალაუფლება ქონდეს ქალზე, იბატონოს მასზე,
დაირეგისტრიროს საკუთრებაში. არ ახსოვს რომ ის ადამიანია. მასაც აქვს
ინტერესები, ეს ყველაფერი გამორიცხულია. ამ საკუთრებას ძნელად
ელევიან, როგორია დათმო ისეთი ვინმე, ვისზეც ბატონობ სულიერად და
ფიზიკურად?! სრულფასოვანი მაშინ გონიათ თავი, როდესაც ქალზე
ბატონობენ, ამიტომ განქორწინების ინიციატორი კაცები ცოტანი იქნებიან,
განქორწინების მსურველი ქალი კი სულ უფრო მეტი, "- ამბობს
მარი, რომელიც საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობს.
განქორწინების სტატისტიკა
მარის გამოცდილებას ეთანხმება და ამყარებს სტატისტიკა, რომელსაც
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს. მათ კვლევა
გამოქვეყნეს, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს
ეყრდნობა.
ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა
დაფიქსირდა.
განქორწინების დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს
იყო განქორწინების 10 222 შემთხვევა, 2016 წელს – 9 539, 2015 წელს –
9 112, 2014 წელს – 9 119 და 2013 წელს – 8 039.
2017 წელის მონაცემები, 2183 განქორწინების ფაქტით მეტია 2013 წელთან
შედარებით.
"ვინც მოგვმართა ოჯახურ დავებთან დაკავშირებით, განქორწინების
ინიციატორები უმეტესად ქალები არიან, მიზეზი, ნაადრევი ქორწინება და
ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობის ნაკლებობაა, ასევე თანაცხოვრების
პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და
ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა", - აღნიშნავს „ახალგაზრდა
ადვოკატების" იურისტი ანა გოგნაძე.
განქორწინების მიზეზების ამ ჩამონათვალის სათავეში მარი
უპასუხისმგებლობას აყენებს და ყველაზე დამანგრეველ შედეგებს მას
აკისრებს.
"ქალები ანგრევენ ოჯახს კაცების უპასუხისმგებლობის გამო. ჩემი თაობის
მამაკაცებს არა აქვთ პასუხისმგებლობა იმისა, თუ რა არის ოჯახი, არა
აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარი ცოლისა და შვილების ჯანმრთელობაზე, ეს
არის აღზრდის ბრალი. როდესაც მშობელი არაფერს ავალებს, შენ არ
გააკეთო მე გავაკეთებ, მე ვისწავლი, მე ვიშრომებ შენს ნაცვლად, ისინიც
ზარმაცდებიან, აქაც ითხოვენ რომ ეს ყველაფერი სხვამ გააკეთოს, ვერ
გააცნობიერეს რა არის მათი მოვალეობა და ფუნქცია, ზრდასრულ ადამიანს
როგორც შეეფერება ისე აიღოს პასუხისმგებლობა", - მიაჩნია მარის.
რა ანგრევს ოჯახებს?!
განქორწინების სულ ცოტა ათ მიზეზზე საუბრობს ფსიქოლოგი დარეჯან
თოლორდავა, სადაც ნაადრევი ქორწინება, ფინანსური სირთულეები, ოჯახში
ფიზიკური და მორალური ძალადობა პირველ სამეულშია. ისიც,
განქორინების საკითხში, მეტწილად ქალების ატიურობაზე მიუთითებს.
"ქორწინება თავის მხრივ ორ ადამიანს შორის შეთანხმებაა,
პასუხისმგებლობის გადანაწილება, სადაც მოიაზრება სხვადასხვა საბაზისო
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება: სიყვარულის, მიკუთვნებულობის,
სექსუალური თუ ფინანსური სტაბილურობის, კეთილდღეობის, გამრავლების,
აღიარების. სწორედ ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს
განქორწინების მიზეზებს. რაც უფრო მეტია წყვილებში ილუზორული
მოლოდინები და ნაკლები პასუხისმგებლობა ქორწინების მიმართ, მით მალე
დგება იმედგაცრუება და განქორწინების კრიზისი", - მიაჩნია დარეჯან
თოლორდავას.
ტრადიციების კრიზისი
კრიზისი უდგას ოჯახის ინსტიტუტს. გარდამავალმა ეპოქამ გადააწყო და
შეცვალა პრიორიტეტები და იერარქიები, პატრიარქატის უხილავ ძალას
მიემატა და რიგ შემთხვევაში ჩაენაცვლა, კაპიტალიზმის მძიმე ხელი,
შრომით ბაზარზე ქალის შრომაზე მოთხოვნა გაიზარდა. რამაც დიდწილად
განაპირობა ქალის გამოსვლა სამზარეულოს სივრციდან და ადაპტირება
გარესამყაროსთან.
"ძველი ტრადიციული სოციალური ინსტიტუტები ოჯახი, რელიგია და
სხვა ეროზიას განიცდის. მსოფლიო ტენდენციაა ასეთი. ოჯახმა ის ფუნქცია
დაკარგა, რაც ჰქონდა. ანუ მომავალი თაობების კვლავწარმოებისა და
გენდერული ფუნქციების გადანაწილება. ოჯახის დანიშნულება იყო
კაპიტალიზმისთვის მოემზადებინა კადრები. ქირწინება იმიტომ იყო საჭირო,
რომ მემკვიდრეობის გადანაწილება გაადვილებულიყო. ამის გარეშე რთული
იქნებოდა გარკვევა ვის რა ერგებოდა. გოგოების როლი სახლში ყოფნა და
მორჩილება იყო, იმიტომ რომ მაშინდელ კაპიტალიზმს არ ჭირდებოდა
თავისუფალი ქალები. სადღეისოდ, გლობალიზაციის გავლენით, საჭირო აღარაა
მორჩილი ქალი", აღნიშნავს სოციოლოგი, გენდერის მკვლევარი გიორგი
ურჩუხიშვილი.
ქორწინება, როგორც დროსთან დამარცხებული
ტრადიცია
მორჩილების ვალდებულებას თავიდანვე უარი უთხრა 20 წლის ანიმ. ამაში
გარემოც დაეხმარა - საქართველოში ემანსიპაციის მოძლიერებული
ტალღა.
ანის დაოჯახებაზე ჯერ არ უფიქრია. მის უახლოეს გეგმებში ქორწინება
არსად ფიგურირებს. სამაგიეროდ, ჩანიშნულია ბევრი ქვეყანა, სადაც
მეგობარ ბიჭთან ერთად მოგზაურობას აპირებს, გარკვეულია წასაკითხი
წიგნების სია და სწავლის პარალელურად სამუშაო გრაფიკი.
ანის წარმოდგენაში ერთი ან ორი ათეული წლის წინ ქორწინება ტრადიციის
მიერ ქალისთვის შემოთავაზებული თითქმის უალტერნატივო ვარიანტი იყო.
სადღეისოდ ქორწინებას ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა. ანისთვის ქორწინება
ამ ეტაპზე ბევრ საქმიანობასთან მარცხდება. ტრადიცია მარცხდება დროსთან
და ქალის ახალ როლთან ამ სამყაროში.
"ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი, რატომაც დაქორწინებამ სხვა შინაარსი
შეიძინა, ალბათ მაინც ქალების ემანსიპაციაა. როცა გოგონებს საშუალება
მოგვეცა მიგვეღო ხარისხიანი განათლება, გვემუშავა იქ , სადაც გვსურდა,
იქნებოდა ეს ფიზიკური, თუ ინტელექტუალური შრომა. შეგვეძლო გვქონოდა
ჩვენს პარტნიორებთან სექსუალური ურთიერთობა და ეს მომხდარიყო
ქორწინების გარეშეც", - ამბობს ანი.
ოჯახის შექმნის წინაპირობად და ფუნდამენტად ანიც პასუხისმგებლობას
მიიჩნევს, რომელიც დროსთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის.
"ქორწინება დიდი ნაბიჯია, რომლის წინარე პერიოდში წყვილმა
ყველაფერი უნდა გამოსცადოს ერთად, რათა ოჯახური თანაცხოვრება დიდი
პასუხისმგებლობაა და მხოლოდ ერთად კინოში სიარული ამისთვის არ კმარა.
სწრაფად მიღებული, იმპულსური გადაწყვეტილება როგორც წესი, ხშირ
შემთხვევში განქორწინებით მთავრება. ეს, რა თქმა უნდა ტრაგედია არ
არის, ნორმალური, ჯანსაღი პროცესია, როცა ორ ადამიანს ერთად ყოფნა
აღარ უნდა, ასე უნდა მოიქცნენ. სწორედ განქორწინების შიშის გაქრობამ
გაზარდა ეს მაჩვენებელი, ჩემი აზრით,"- მიაჩნია ანის.
ქორწინების სტატისტიკა
ბოლო 5 წლის მონაცემებით, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს 144
161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს 23 684 წყვილი დაქორწინდა,
2016 წელს - 25 101, 2015 წელს - 29 157, 2014 წელს - 31 526 და 2013
წელს - 34 693.
2017 წელს 11009 წყვილით ნაკლებმა იქორწინა 2013 წელთან
შედარებით.
"ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ, განათლების მიღების
შესაძლებლობამ და სხვა მსგავსმა ასპექტებმა განაპირობეს ქორწინების
შინაარსის ცვლილება", - ამბობს ანი.
"ცნობილია, რომ განქორწინების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება.
ქორწინება კი ხდება არასტაბილური ინსტიტუტი"-, ამბობს ფსიქოლოგი,
დარეჯან თოლორდავა.
მსოფლიოს ახალი რეალობა ქალებს სხვა პირობებში აყენებს. მაგრამ,
საქართველოში ახალთან ერთად ძალაში რჩება ძველი მოდელიც.
"თუმცა, ყველაფერი ისე მაინც არ არის, როგორც რაოდენობრივ
მონაცემებში ჩანს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი მაინც წნეხშია
ქორწინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან
საზოგადოება ჯერ მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ თავისუფალი
არჩევნის უფლება მისცეს ნებისმიერ ადამიანს", - ამბობს
ანი.
ორ სისტემაში
საქართველოში ორივე სისტემა მუშაობს - ძველიც და ახალიც,
ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიებით. ორივეს ყავს თავისი მსხვერპლები და
მებრძოლები. თავისი მორჩილი და ურჩი წარმომადგენლები, თავისი
მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ვინც ეგუება და ვინც ვერა.
თუმცა, შემგუებლობა არა იმდენად ხასიათის, ან ტრადიციის ერთგულების
ნიშანია, რამდენადაც ეკონომიკური მდგომარეობის. ტრადიციის ურჩობას
არაიშვიათად ფინანსები უმაგრებენ ზურგს.
იგივე სქემა მუშაობს განქორწინების საკითხშიც. გაყრის მოსურნე
სოციალურად საშუალო და მაღალ ფენებში მეტია. დაბალ ფენებში, რაც უნდა
ბევრი მიზეზი არსებობდეს ეკონომიკური ზურგის გარეშე, ჭირს აბსოლუტური
მორჩილების უხილავი ხელშეკრულების დარღვევა.
"დედაჩემი ევრასდროს წავიდოდა მამაჩემისგან ფინანსურად
იმდენად დამოკიდებული იყო მასზე. სადაც საჭმელია, იქიდან რთულია
წასვლა იქ სადაც საკვები არ არის", - ამბობს გიორგი.
"განქორწინების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა ბევრ ქალს
საკუთარი შემოსავალი რომ ჰქონდეს. ამის გარეშე ვერ მიდიან, სად
წავიდნენ? წასასვლელი არსად აქვთ და ეგუებიან მძიმე პირობებს", -
ამბობს მარი.
დასაქმება და სოციალური სტატუსი აძლიერებს, მაგრამ ბოლომდე ვერ იცავს
ქალს. ძველი მოდელი პოზიციებს არ თმობს, წინააღმდეგობას უწევს ახალს,
ხშირად ძალისმიერი მეთოდებითაც. ეს აჩენს შიშს. ამ შიშიდან ოთხი წელია
ვერ თავისუფლდება მარი.
"შიში მქონდა და ახლაც მაქვს, არ ვარ დაზღვეული, რომ არ
დალევს, აფექტურ მდგომარეობაში არ იქნება და არ ამაწიოკებს. ქონია
პერიოდი, მუდმივად მავიწროვებდა, მლანძღავდა და ისეთ რამეებს
მეუბნებოდა, რაც რეალობიდან შორს იყო. ერთხელ დამხვდა კიდეც, ძალიან
აგრესიულად იყო განწყობილი. ამან შემაშინა. უცებ გამახსენდა ის 25
ქალი, რომელიც ქმრებმა მოკლეს. ახლა რომ შეეკითხო დამნაშავე ქმრების
ახლობლებსა და ნათესავებს, ყველა გეტყვის რომ კარგი და გადასარევი
კაცი იყო, მაგრამ არ ვიცი ამ გოგოს ხელში რა დაემართაო. ასეთი
დამახინჯებულია საზოგადოების აზროვნება. კაცი არის იადონი და
ყველაფერი ცუდი ბრალდება ქალს", - ამბობს მარი.
ინიციატივა დასჯადია, ამბობს საბჭოთა გამოცდილება.
ცვლილებების ინიციატორები ისჯებიან გარდამავალ ეპოქებშიც, თუმცა
დამსჯელები პროცესებს ვერ აჩერებენ. ამაზე ბოლო ხუთი წელია მუდმივად
მიუთითებს სტატისტიკა.
მასალის გამოყენების პირობები