ორი პირადი მრჩეველი და 21 კაციანი სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭო - ასე გამოიყურება ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიასთვის
იდეებისა და და რეკომენდაციების მიმწოდებელთა წრე, რომელთაც მისი
მუშაობის მიმართულებები უნდა გასაზღვრონ.
ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას რჩევებსა და რეკომედაციებს მამუკა
კუბლაშვილი და ზურაბ ხურციძე აძლევს. ორივე მათგანი ქალაქის
წინამორბედი მერის შოთა მურღულიას მრჩევლებიც იყვნენ.
მამუკა კუბლაშვილი მერის მიერ საკრებულოსთვის დასამტკიცებლად
წარსადგენი ბიუჯეტისა და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავებაზე
მუშაობს, ხოლო ზურაბ ხურციძე პირველი პირისთვის ადგილობრივ და
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მერიას შორის მჭიდრო
თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
მრჩევლები განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ორ პროექტზე მუშაობენ,
რომელიც წინა მერმა “დაიწუნა”.
საუბარია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების საკითხზე, ხოლო მეორე პროექტი ქალაქის
ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესებზე
მუშაობას ითვალისწინებს.
პირველი პროექტი ქალაქის ყოფილ მერს შოთა მურღულიას მრჩევლებმა 2016
წლის აგვისტოში წარუდგინეს, რომლის შემდეგაც უნდა მომხდარიყო მისი
დამტკიცება.
" მისი მიღება რატომღაც არ მოხერხდა", - ამბობს მამუკა
კუბლაშვილი.
კიდევ რომელი რჩევა ან შემუშავებული პროექტი არ “მოიწონა” ყოფილმა
მერმა, ამაზე მრჩევლებს საუბარი არ სურთ. სამაგიეროდ, ოთხი წლის
განმავლობაში სულ რამდენიმე საკითხი ახსენდებათ, რომელიც მაშინდელმა
მერმა გაითვალისწინა.
"იყო რაღაცეები, რომელიც არ გაითვალისწინა და ასევე,
გაითვალისწინა. მაგალითად, ჩემი რჩევით შეიქმნა გამწვანების ცალკე
ააიპ ორგანიზაცია", - განმარტავს ყოფილი და მოქმედი მერის მრჩეველი,
მამუკა კუბლაშვილი.
"ჩემი რჩევით დააჯილდოვა შოთა მურღულიამ არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები", - გვეუბნება ზურაბ
ხურციძე.
ქუთაისის ყოფილ მერს, შოთა მურღულიას ექვსი მრჩეველი ჰყავდა: მამუკა
კუბლაშვილი, ზურაბ ხურციძე, მამუკა ჭონიშვილი, ლაშა ნიქაბაძე, ოთარ
ჩიხლაძე და თემურ ლანჩავა. შოთა მურღულია ამბობდა, რომ ვერცერთ მათგან
ვერ შეელეოდა.
გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის პირველ პირად არჩევის შემდეგ, ქუთაისიპოსტის
სტუდიაში განაცხადა, რომ ამდენი მრჩეველი არ სჭირდება. შესაბამისად,
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ ორი მათგანი დაიტოვა.
"ესენი შევარჩიე თავიანთი პროფესიონალიზმის მიხედვით. ზუსტად
იმ მიმართულებით მჭირდება მრჩევლები, რა მიმართულებითაც ისინი
მუშაობენ", - ამბობს გიორგი ჭიღვარია.
თუ რა რეკომენდაციები ახსენდება ქალაქის მერს მრჩევლებისგან, ის
მხოლოდ იმ პროექტებზე საუბრობს, რაც მათ წინამორბედი მერის დროს
ჰქონდათ შემუშავებული.
"ეს პროექტები იმდენად შრომატევადი და პრიორიტეტულია ქალაქისთვის, რომ
უნდა დასრულდეს", - აღნიშნავს მერი.
ზურაბ ხურციძის თქმით, ყოფილი მერის მიერ დაწუნებული პროექტების
განახლებულ ვერსიას, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ,
დასამტკიცებლად საკრებულოზე გაიტანენ.
21 კაციან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მერის მრჩევლების მიერ
წარდგენილი წინადადებების გარდა, სხდომებზე სხვადასხვა პროექტების
განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება ევალება.
ქალაქის მერის თქმით, საქმის გასაკეთებლად ორივე რგოლის არსებობა
მნიშვნელოვანია.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალი მერის მოსვლის შემდეგ
ხელახლა შეიკრიბა, თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 86-ე მუხლის
(სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო) თანახმად შეიქმნა. საბჭო წინამორბედი
მერის დროსაც არსებობდა, თუმცა, როგორც მაშინდელი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილე მამუკა კუბლაშვილი ამბობს, არ იყო დაინტერესება ჩატარებულიყო
სხდომები.
საბჭოს შემდგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნესსექტორისა და
მედიის წარმომადგენლები შედიან. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის
პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია აირჩიეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის სათათბირო ორგანოა,
შესაბამისად, მის დაქვემდებარებაშია. მერი ვალდებულია საბჭოს
განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი
დაგეგმარების დოკუმენტები და სხვადსხვა საქმიანობის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდოს.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, სულ
მცირე, სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო
ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარის, კოტე კანდელაკის განმარტებით, მერმა
მრჩეველთა საბჭო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ
წარუდგინოს სხვადასხვა განსახორციელებელი პროექტი და ამით
საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობა გაზრადოს.
"საბჭო არის იმისთვის, რომ მერს ჰქონდეს შეხება საზოგადოებასთან და
შუამავალი რგოლი იყოს მასთან. რაც შეეხება, უშუალოდ მრჩევლებს, ისინი
კონკრეტული მიმართულებით უნდა აძლევდნენ მერს რჩევებს", - განმარტავს
კოტე კანდელაკი.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ხელფასი არ არის
განსაზღვრული. სამაგიეროდ, მერის მრჩევლები ქალაქის პირველი პირისთვის
მიცემული რჩევის სანაცვლოდ თვეში, ხელფასის სახით, 960- 960 ლარს
იღებენ.
მასალის გამოყენების პირობები