საზოგადოება
რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს ვიდეოკადრებში
FaceBook
"ქუთაისიპოსტისთვის" ჭიათურის რესტორან "შუა გზაში" გადაღებული ის ვიდეოკადრები გახდა ცნობილი, რომელსაც ძალადობაში ბრალდებულის მხარე, მუნიციპალიტეტის პირველი პირები "მთავარ კოზირად" ინახავენ. 

საქმე ეხება რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შემდეგაც პოლიციაში შევიდა განცხადება, ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის მხრიდან მოქალაქეების ცემის თაობაზე. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნადირაძე და ასანიძე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტალკს უწოდებენ. მათი მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარის, ჭიათურის ყოფილი გამგებლის, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესები ფიგურირებს.

ჭიათურის რესტორანში მომხდარი დაპირისპირების მთავარ მიზეზად  სწორედ მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელსა და ამჟამინდელ მერს შორის ინტერესთა კონფლიქტი სახელდება.

ნადირაძის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ჭიათურის ახლანდელი მერის მმართველობის პირობებში, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, სულხან მახათაძეს ბიზნესში ხელი ეშლება. ამ ფონზე, მომხდარის მთავარ მოტივად პროვოკაციას ასახელებენ. პროვოკაციის საფუძველად კი ჭიათურის ახლანდელი მერის დისკრედიტაციას, რომელსაც მახათაძე პოლიციის უფროსის ხელით ახორციელებს. 

"შეკერილი საქმე" - ასე უწოდებენ 13 ივლისს რესტორან "შუა გზაში" მომხდარ ფაქტს და ამავდროულად აანონსებენ, რომ ინციდენტს ნათელს ის ვიდეო-კადრები მოჰფენს, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა.



რესტორანში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეო-კადრებს, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინა ასანიძე ფლობს. ძალადობაში ბრალდებულის მხარემ ქუთაისიპოსტისთვის ვიდეოკადრების გადმოცემაზე უარი თქვა, სამაგეიროდ, ადგილზე გვაჩვენა ვიდეოჩანაწერი. 

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რესტორან "შუა გზაში" მუსიკოსებთან ერთად, ჭიათურის მერი, პაატა ნადირაძე მღერის. ის კართან დგას, საიდანაც რამდენიმე უცნობი პირი შემოდის. ერთ-ერთი მათგანის შუბლზე ფიზიკური დაზიანება სჩანს. 

მობილურზე ასახულ კადრებსა და ინციდენტის სხვა დეტალებს ინა ასანიძე "ქუთაისიპოსტთან" იხსენებს.

რესტორანი "შუა გზა" ჭიათურიდან 4 კილომეტრში "დარკვეთში" მდებარეობს.  ინა ასანიძე ამბობს, რომ რესტორანში 13 ივლისს, 21:00 საათზე მივიდა. იხსენებს, რომ დაპირისპირება დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა, რომლის მთავარ წამომწყებად ადგილზე მყოფ პირს, მამუკა მახათაძეს მიიჩნევს, რომელსაც ამავდროულად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, სულხან მახათაძის ნათესავად მოიაზრებს.

"ის იყო პროვოკატორი, რომელსაც სწორედ სულხან მახათაძისგან ჰქონდა დავალებული დებოში მოეწყო," - ამბობს ასანიძე.



საპირისპიროს ამტკიცებს თავად მამუკა მახათაძე, რომელიც აცხადებს, რომ ჭიათურის ყოფილ გამგებელზე არაფერი სმენია, მეტიც სულხან მახათაძეს საერთოდ არ იცნობს.

მამუკა მახათაძეს მონათხრობით შემთხვევა სულ სხვა შინაარსს იძენს.

ის ირწმუნება, რომ ფიზიკური დაზიანება, რომელიც ინა ასანიძის თქმით მას რესტორანში შესვლითანავე აღენიშნებოდა, (რაც ვიდეოკადრებითაც დასტურდება) სწორედ ასანიძემ მიაყენა.

მახათაძე ამბობს, რომ ჩხუბში ინა ასანიძესთან ერთად ქალაქის მერიც მონაწილეობდა.



იცნობს თუ არა მამუკა მახათაძეს ჭიათურის ყოფილი გამგებელი,  სულხან მახათაძე და არის თუ არა ის დაპირისპირებული ჭიათურის ამჟამინდელ მერთან საკუთარი ბიზნესინტერესების გამო, ამ კითხვებით "ქუთაისიპოსტი" მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან დაკავშირებას არაერთხელ ეცადა, თუმცა ის ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

ჭიათურაში გახმაურებული ინციდენტის ადგილზე კი ამბობენ, რომ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ.

რესტორან "შუა გზის" დარაჯი, რომელმაც საკუთარ სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, გვითხრა რომ შემთხვევის დროს ეძინა.

დუმილს ირჩევს, პროვოკაციაში დადანაშაულებული პოლიციის უფროსი ლაშა ჩხიტუნიძეც. მან "ქუთაისიპოსტთან" პირად საუბარში მხოლოდ ის განმარტა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

ჭიათურაში, რესტორან "შუა გზაში" 13 ივლისის ღამეს მომხდარ ინციდენტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 259-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულიხმობს. 

საქმის სხვა დეტალებზე "ქუთაისიპოსტის" მიერ დასმულ შეკითხვებზე, სხვების მსგავსად, შსს უწყებაშიც ჯერჯერობით დუმილს ირჩევენ.

სამაგიეროდ, ღიად აფიქსირებენ თავიანთ შეფასებებს ჭიათურაში მცხოვრებლები ქალაქის მერსა და პოლიციის უფროსზე.



პროვოკაციად შეფასებული უკანასკნელი ინციდენტი ბოლო დროის ჭიათურაში არ არის ერთადერთი.

ჭიათურის პოლიციის უფროსს ლაშა ჩხიტუნიძეს, რომელსაც ამჟამად პაატა ნადირაძეს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, ცოტა ხნის წინ პროტესტს ჭიათურელი ახალგაზრდებიც უცხადებდნენ.

საუბარია ჭიათურაში, 10 ივნისს დაწყებულ საპროტესტო ტალღაზე, როდესაც პოლიციის შენობასთან სამი მამაკაცი შიმშილობდა.

მათ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს. სამი ახალგაზრდა: პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. მოშიმშილეები ყვებოდნენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით უსამართლოდ და პროვოკაციულად დააკავა.

"მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე, არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას," - აცხადებდნენ პროტესტის მონაწილეები.


ავტორები: ანა ჯანაშია, მარიამ პატარაია 

ამავე თემაზე:

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს

 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.