"წინ ჩამიდგამენ ექვსსართულიან შენობას, რომელიც მზის სხივს არასოდეს შემოუშვებს ჩემს სახლში"
ქუთაისში ირაკლი აბაშიძის #14-ში მცხოვრებლები კორპუსის წინ განთავსებულ სკვერში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.
მობინადრეთა თქმით, სკვერი 2005 წელს გაიყიდა. მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა სკვერის გასხვისება. თუმცა, სკვერის ტერიტორია სამ ეტაპად გაიყიდა, სადაც საბოლოოდ, მიმდინარე წელს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.
"წინ ჩამიდგამენ ექვსსართულიან შენობას, რომელიც მზის სხივს არასოდეს შემოუშვებს ჩემს სახლში. პირველ სართულზე ვცხოვრობ და ჩემი სახლი ხდება საცხოვრებლად უვარგისი ", - აღნიშნა ქუთაისში, ირ. აბაშიძის #14-ში მცხოვრებმა, ნანა ნუცუბიძემ.
მობინადრეების ინფორმაციით, მიწა მათი მეზობლის, მურმან გვენეტაძის საკუთრებაა, ხოლო მშენებლობას შპს "სობრანო+" ახორციელებს. თუმცა, მურმან გვენეტაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ სკვერთან კავშირი აღარ აქვს. ამასთან, არც იმას ადასტურებს, რომ მიწა გაყიდვამდე სკვერად იყო დარეგისტრირებული.
"მიწა 2002 წელს შევიძინე. სკვერის სტატუსი რომ ჰქონოდა, მერია არ გაყიდდა და აუქციონზე არ გამოიტანდა. უკანონოდ რომ მქონოდა, არც სასამართლო გამამართლებდა. იმ მიწაზე, რომ კორპუსი შენდება, ეს ჩემთან კავშირში არაა. მე არ ვაშენებ", - აღნიშნა მურმან გვენეტაძემ.
სადაო მიწის ყიდვა-გაყიდვის უკანონობას არ ადასტურებს ქუთაისის მერია და განმარტავს, რომ "ეს ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს სკვერი არ არის. ეს ტერიტორია გაიყიდა, ყავს კერძო მფლობელი. "სობრანო+" აქვს გადაცემული მშენებლობის უფლება. მოსახლეობას ჰქონდა ეჭვი, რომ მიწა უკანონოდ გაიყიდა ამასთან დაკავშირებით დავა სასამართლოშიც გაგრძელდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მიწა კანონიერად იყო გაცემული,პროცესი წააგეს", - განმარტავს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.
მობინადრეები სხვა საკითხზეც აპელირებენ და ქალაქის მერს, შოთა მურღულიას წინასაარჩევნო შეპირებას ახსენებენ, რომლის თანახმად სკვერში კორპუსის მშენებლობა არ მოხდებოდა. თუმცა მერმა პირობა დაარღვია - ამბობენ მობინადრეები.
აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში და განმარტავენ, რომ ხელშეუხებლობის პირობა ეხებოდა სადაო მიწის გარკვეულ მონაკვეთს და მერმა სწორედ აღნიშნულ ფართზე გასცა შეპირება, რომ არ გაიყიდებოდა და სკვერის სტატუსი მიენიჭებოდა.
როგორც მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში მიუთითებენ, მერმა პირობა შეასრულა. სადაო მიწის გარკვეული მონაკვეთი სკვერად დარეგისტრირდა. სკვერად დარეგისტრირების ფაქტს ადასტურებენ მოსახლეებიც. თუმცა, ქალაქის მერიის ამგვარ ხელგაშლილობას არასაკმარისად მიიჩნევენ და მოუწოდებენ მესაკუთრესა და მერიას შეაჩერონ მშენებლობა.
"მშენებლობის დაწყება "ნაციონალების" დროს ვერ მოახერხა მურმან გვენეტაძემ და ამ ხელისუფლების პირობებში აშენებს. ვითხოვთ მზის შუქს და ჟანგბადს ბავშვებისთვის და მოგვცენ ამის საშუალება", -აღნიშნავენ მობინადრეები. თუმცა, 2014 წლის 2 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნულია, რომ ირ. აბაშიძის 12ბ (ირ. აბაშიძის ყოფილი #14-ის მიმდებარე ტერიტორია) 294 კვ,მ საკუთრების უფლებით სანაცვლო შესრულების პირობით გადაეცა შპს "სობრანო +"-ს (სადაც 50-50%-იანი წილის მესაკუთრეები არიან ბექა დოლაბერიძე და თამარ აბზიანიძე).
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საკუთრების უფლების გადამცემი გადასცემს დაზუსტებულ ფართობს 294 კვ.მ-ს, პირობის მიმცემი კი კისრულობს ვალდებულებას სანაცვლოდ გადასცეს 100 კვ.მ საოფისე და 200 კვ.მ საცხოვებელი ფართი.
მასალის გამოყენების პირობები