საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, იმის
მიუხედავად, რომ მან მხოლოდ 1028 დღე იარსება, საქართველოს
ისტორიისთვის უდიდესი მონაპოვარია.
1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას
თავმჯდომარეობით, საზეიმო ვითარებაში მიიღო საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი. 73 წლის შემდეგ კი, 1991 წელს, საბჭოთა
კავშირისგან თავდაღწეულმა საქართველომ, სწორედ ამ აქტის საფუძველზე
აღადგინა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
სამწლიანი არსებობის განმავლობაში, პირველმა რესპუბლიკამ შეძლო და
შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგულარული არმია, ჩაატარა პირველი
საყოველთაო არჩევები და მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.
პირველ საყოველთაო არჩევნებს, საქართველოს, როგორც დემოკრატიული
სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ეროვნულმა საბჭომ, რომელიც 1918 წლის 8 ოქტომბრიდან პარლამენტად
იწოდებოდა, დამფუძნებელთა კრების არჩევნების ჩატარებისთვის სამზადისი
ორგანიზებულად დაიწყო. საბჭომ საარჩევნო კანონი შეიმუშავა, რომელსაც
"დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა" ეწოდებოდა და განმარტავდა
შემდეგს:
"დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს
რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი
შესრულებიათ. რეგულარულ ჯარში ჩარიცხულს აქვს მხოლოდ პასიური
საარჩევნო უფლება".
შეიქმნა ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია, რომელშიც
პარლამენტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციური ფრაქციების
წარმომადგენლებიც შედიოდნენ, გადამზადდნენ საუბნო კომისიების წევრები,
გადაისინჯა და დაზუსტდა ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო კომისიამ
დაამტკიცა 15 საარჩევნო სუბიექტი და არჩევნებში მონაწილე 600
კანდიდატი, რომელთაგან 26 ქალი იყო.
სახელმწიფომ საარჩევნო კამპანიაზეც იზრუნა. დაიბეჭდა კანდიდატების
საარჩევნო ბიულეტენები და არა მხოლდო ქართულ ენაზე, არამედ, ეთნიკური
უმცირესობებისთვისაც. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და დარიგების
ხარჯები მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო.
სოც.რევოლუციური პარტიის საარჩევნო
ბიულეტენი
გამოცხადდა საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კომისია მოქალაქეებს
არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა.
არჩევნების ჩატარების დროდ დაინიშნა 1919 წლის 14, 15 და 16
თებერვალი.
საქართველოს პირველ, საყოველთაო არჩევნებში მონაწილე პარტიები:
1. საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული მუშათა პარტია
2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
4. სომეხთა რევოლუციური პარტია- "დაშნაკციუთუნი"
5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
8. საქართველოს ეროვნული პარტია
9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა პარტია
10. შოთა რუსთაველის ჯგუფი
11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
14. ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა
15. ელინთა დემოკრატიული პარტია
პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს მოსახლეობას
საჯარო შეხვედრებსა და თავიანთი პარტიული ან იდეურად დაკავშირებული
გაზეთების საშუალებით აცნობდა.
საქართველოში გამომავალ თითქმის ყველა გაზეთში მთავარ თემას საარჩევნო
დაპირებები და კონკურენტების კრიტიკა წარმოადგენდა.
ოპონენტები ერთმანეთს ზოგჯერ ფელეტონებითაც ებრძოდნენ.
სოციალისტ-რევოლუცინერთა საარჩევნო ლექსი გაზეთ
"შრომაში"
დათქმულ დროს, საქართველოში, პირველი საყოველთაო არჩევნები, ქვეყნის
თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. გამონაკლისი იყო ის რამდენიმე
რაიონი, სადაც დიდთოვლობის, ნაწილში კი სამხედრო -პოლიტიკური
ვითარების გამო ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ამის გამო,
აღნიშნულ ტერიტორიებზე პროცესი გადაიდო და შემდგომში ჩატარდა 2
დამატებითი არჩევნები.
საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 9 მარტს
გამოაქვეყნა.
არჩევნებში საქართველოს მმართველმა პარტიამ -სოციალ-დემოკრატებმა
გაიმარჯვა და დამფუძნებელ კრებაში 109 დეპუტატი გაიყვანა. 130 წევრიან
კრებაში სულ 4 პარტია მოხვდა. დეპუტატებს შორის იყო 5 ქალი.
დამფუძნებელთა კრების პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა, სილიბისტრო
ჯიბლაძემ გახსნა.
პირველი არჩევნების დემოკრატიულობა და მისი შედეგები აღიარა
არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა.
დამფუძნებელთა კრების სხდომა
არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოში
საბჭოთა საოკუპაციო ჯარის შემოსვლის პარალელურად, დამფუძნებელმა
კრებამ კონსტიტუცია მიიღო. ზუსტად 4 დღეში კი 25 თებერვალს
საქართველოში საბჭოთა მმართველობა გამოცხადდა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ერთ თვეზე ნაკლებ დროში,
16 მარტს, საქართველო დატოვა და პარიზში, ემიგრაციაში
წავიდა.
ქვეყენაში არსებული საპროტესტო მუხტის მიუხედავად,
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვება ვერ შეძლო და 70 წლით დაკარგა
თავისუფლება.
2018 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის
შექმნიდან 100 წელი გავიდა.
სტატიაში
გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის
ფოტომასალა.
მასალის გამოყენების პირობები