საზოგადოება
ენა ტურიზმმა არ უნდა მოგიკლას! - არაქართული წარწერები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.


1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, ათასობით ადამიანმა პროტესტი გამოთქვა კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ, რომლითაც
ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.


დღეს აჭრელდება სოციალური ქსელი ქართული ენის დღის მილოცვებით. ვიღაც მოძრავ სურათსაც შექმნის და ჩამოურიგებს ათასობით "მეგობარს".

გამართავენ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

ქუთაისში ოფიციალურად გახსნიან მოხატულ კედელს წარწერით "დედა ენა".

მოყვებიან, როგორ გამოვიდა სტუდენტობა ქართული ენისა დასაცავად ქუჩებში და როგორ დაუპირისპირდნენ დათვ-იმპერიას.

არსად იტყვიან, როგორ ვკლავთ ენას ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

არაქართულენოვანი წარწერები ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ხშირია. ამით კი კანონები "ქართული ენის შესახებ" და "რეკლამის შესახებ" თანაბრად ირღვევა. ქართულის ენის სპეციალისტები ამ ფაქტს ქვეყნის უბედურებას უწოდებენ. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 17 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს კანონში "რეკლამის შესახებ" ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესრულებული, სურვილის შემთხვევაში უცხოურ ენაზეც შეიძლება შესრულდეს. ასევე, უცხოურენოვანი წარწერა ზომით სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტს არ უნდა აღემატებოდეს.

"რეკლამის შესახებ" კანონის მიხედვით, ასევე ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა, ქართულიც და უცხოურიც, იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

ამ სასტუმროს აბრა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ მხოლოდ ინგლისური წარწერაა გამოყენებული.



თუმცა, ხახანაშვილის ქუჩის მხრიდან სასტუმროს ქართული წარწერა გამოყენებული აქვს. მიუხედავად ამისა, ბიზნეს-ოპერატორს, როგორ მერიის ზედამხედველობის სამსახურში გაგვიმარტეს, გაფრთხილება უკვე მიეცა, რადგან მან დაარღვია კანონი "რეკლამის შესახებ", რომლის მიხედვით უცხოენოვანი წარწერის გვერდით აუცილებლად ქართულენოვანი ტექსტი ზომით პროპორციული უნდა ყოფილიყო.



ჯონი ამატომ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე "ამერიკული სასწავლო ცენტრი" რამდენიმე თვის წინ გახსნა. მისი თქმით მან არ იცოდა, თუ აბრაზე წარწერა ქართულ ენაზეც სავალდებულო იყო. ცენტრის გახსნიდან რამდენიმე დღეში მას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გაფრთხილება მისცეს და წარწერის შეცვლა მოსთხოვეს.

"არ ვიცოდი ქართულადაც თუ უნდა ყოფილიყო წარწერა. როგორც კი გამაფრთხილეს, მაშინვე გამოვასწორე და ახლა თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ორივე ენაზეა წარწერა", - გვითხრა ჯონი ამატომ.



300 ლარით დაჯარიმდა კანონდარღვევისთვის ფეხსაცმელების მაღაზია "FLO". დაჯარიმებული ობიექტების წარმომადგენლები კანონდარღვევის მთავარ მიზეზად ინფორმაციის უცოდინარობას ასახელებენ. ფეხსაცმელების მაღაზიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული კანონის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ. მენეჯერის, ვასილ ენუქიძის თქმით, ქართული წარწერები უკვე შეკვეთილი აქვთ და ქართული ტექსტის დამატება რამდენიმე დღეში მოხდება.
"გაფრთხილება მივიღეთ და მისი გამოსწორება მაშინვე დავიწყეთ, უბრალოდ შეკვეთას დააგვიანდა, რის გამოც დავჯარიმდით. რამდენიმე დღეში ჩამოვა ქართული აბრა და შეცდომა გამოსწორდება აუცილებლად", - ამბობს ვასილ ენუქიძე.

გაფრთხილება და ჯარიმა უკვე მიიღეს ბარ-რესტორან "აურაშიც". რესტორნის წარმომადგენლის თქმით ისინი ახალი მმართველები არიან და ძველი გაფრთხილების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

"წინა მმართველს არ უთქვია ჩვენთვის რომ გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, რის გამოც დავჯარიმდით, თუმცა უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და რამდენიმე დღეში შევცვლით ბანერს", - გვითხრა ბარ-რესტორნის ერთ-ერთმა თანამფლობელმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან საღინაძე აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების მომრავლებას ქვეყნის უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ენა არის სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი გამოხატულება და მას უნდა გავუფრთხილდეთ. ის 2016 წელს ლიტვაში, კაუნასის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იმავე სასწავლებლის ერთ-ერთი პროფესორის, ალა დიომედოვას პრეზენტაციას იხსენებს, რომელმაც თავისი მოხსენება თბილისის არაქართულენოვან წარწერებს მიუძღვნა.

"ღამურას როლში გამოვდივართ ჩვენ, როცა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა და რა დაემართა, ისე გვემართება ჩვენც, - რომ მოვიხვიეთ უცხო ენა და იმასაც დამახინჯებულად ვწერთ. ეს ასე არაფრით არ შეიძლება. ენა ტურიზმზე არ უნდა გაიცვალოს", - ამბობს რუსუდან საღინაძე.



არაქართულენოვანი წარწერების განთავსებისთვის მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე 17 სამართალდარღვევის ოქმი ამოიწერა, აქედან სამი ბიზნეს-სუბიექტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაჯარიმდა.

ქუთაისში არაქართულენოვანი წარწერების კონტროლს მერიის ზედამხედველობის სამსახური ახდენს და ისინი "რეკლამის შესახებ" კანონით ხელმძღვანელობენ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქმე განსახილველად სასამართლოს ეგზავნება, რომლის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს კანონდამრღვევი დააჯარიმოს თუ გაფრთხილება მისცეს.

ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირზე 200 ლარს, ხოლო იურიდიულზე - 300 ლარს შეადგენს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ჯარიმების გაზრდის მომხრეა. მისი თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება მეტ შედეგს გამოიღებდა.

"აქტიური ზედამხედველობითი სამუშაოები კანონის აღსასრულებლად მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აქტიურად დავიწყეთ. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. 30-დღიან ვადას აძლევს სასამართლო ბიზნეს-სუბიექტებს დარღვევის გამოსასწორებლად, ამის შემდეგ ჩვენი სამსახური ისევ ვუწევთ მონიტორინგს, შესრულდა თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ არ იქნა გამოსწორებული, ისევ მივმართავთ სასამართლოს საჯარიმო ოქმით "- ამბობს ზვიად ჯავახია.

ნახეთ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში "ქუთაისიპოსტის" მიერ დაფიქსირებული სხვა კანონდამრღვევი ბიზნეს-ობიექტები. 















Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.