ქუთაისში, ოთხი
ქუჩის დამაკავშირებელ გზას ის კომპანია აშენებს, რომელიც გასულ წელს
შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ორჯერ დარეგისტრირდა.
მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა ამ დროისთვის ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების მდოლოდ მესამედი შეასრულა.
ამხანაგობა "მშენებელი" ამტკიცებს, რომ მშენებლობას ვადაზე ადრე
დაასრულებს. ამავე დროს, კომპანიაში თავს იზღვევენ და დაპროექტების
დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ. თავად მშენებლობის პროექტის
ავტორი კი აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციაში ნახაზის
კითხვა უჭირთ, რის გამოც, შესაძლოა, მშენებლობა ჩავარდეს.
ქუთაისში ნიკეას, თაბუკაშვილის ქუჩისა
და სულხან-საბა ორბელიანის გამზირის შემაერთებელი გზის მშენებლობის
ელექტრონული 2 816 448 ლარად შეფასებული ტენდერი ქუთაისის მერიამ
გასული წლის 5 მაისს
გამოცხადდა. მასში გამარჯვებულად 1 ლარით
ამხანაგობა "მშენებელი" გამოვლინდა. კომპანიამ პირველ შეთავაზებად 2
533 159 ლარი მიუთითა, ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ კი, საბოლოო
ფასი 1 799 999 ლარი დააფიქსირა, რაც ტენდერით გათვალისწინებულ
სავარაუდო ფასზე 1 016 449 ლარით ანუ 36,9%-ით ნაკლებია. ქუთაისის
მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2017 წლის 5 ივნისს
გაფორმდა.
მშენებლობა და
მშენებელი
ქუთაისის მერიასა და ამხანაგობა "მშენებელს" შორის დადებული
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მასზე ხელისმოწერიდან 5 დღეში
უნდა დაწყებულიყო. დასრულების ვადად კი 52
კვირა განესაზღვრა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის
მიხედვით, ამ დროისთვის თითქმის დასრულებული უნდა იყოს ძირითადი გზის
და შესახვევების, ტროტუარების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის
სამუშაოები, პარალელურად კი გარე განათების დამონტაჟება
მიმდინარეობდეს. თუმცა, ამ დროისთვის გზაზე დაყრილია ხრეში, რომელიც
ზოგან გადანაწილებულიც არაა, ნაწილობრივაა დამონტაჟებული ტროტუარის
ბორდიურებიც.
როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიას კომპანიისთვის თანხის 29% აქვს
გადახდილი, დარჩენილი 1 მილიონ ლარზე მეტი კი ჯერ კიდევ აუთვისებელია.
თუმცა, ამხანაგობაში ამტკიცებენ, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის
მიხედვით ზედმიწევნით სრულდება.
"მშენებლის" წარმომადგენელი, ბორის ჭკუასელი დოკუმენტაციაზე და
თანხებზე საუბარს თავს არიდებს, რადგან ამბობს, რომ კომპანიაში
საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს. თუმცა, ამტკიცებს, რომ გზის
მშენებლობა დარჩენილი 5 თვის ნაცვლად 4 თვეში დასრულდება.
"ფასის დაკლება სამუშაოებზე გავლენას ვერ მოახდენს, ჩვენ გვაქვს ჩვენი
საკუთარი ტექნიკა. როცა საკუთარი ტექნიკა გაქვს, ქირას არ ვიხდით, ეს
ამცირებს თანხებს," - ამბობს ბორის ჭკუასელი.
საპირისპიროს მოწმობს შესყიდვების სააგენტო, რომლის თანახმად,
"მშენებელს" სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური
საშუალება დაქირავებული აქვს.
მაგალითად, ამხანაგობამ ბულდოზერი თავისივე მონაწილე შპს
"ორბიტასგან"დაიქირავა. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელი
და 2 თვეა. ამხანაგობამ ამ უკანასკნელს დღეში 350 ლარი, მთლიანად კი
148 750 ლარი უნდა გადაუხადოს.
თუმცა, ბორის ჭკუასელის მტკიცებით, "მშენებელმა" საკუთარი ტექნიკა
ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიძინა, რაც ამ
დრომდე სისტემაში ასახული არაა.
"მოხდა ცვლილება და ამის ატვირთვა უნდა მომხდარიყო, უკვე ხვალ იქნება
ატვირთული. მრავალ ობიექტზე ვმუშობთ და მერე შევიძინეთ ტექნიკა," -
აღნიშნავს ბორის ჭკუასელი.
ამასთანავე, ამხანაგობის წარმომადგენელი სამუშაოების პროცესში
აღმოჩენილ ხელისშემშლელ მიზეზებზე და პროექტში არსებულ გარკვეულ
ხარვეზებზეც საუბრობს.
"იქ გადის პარლამენტის მაღალი ძაბვის კაბელი, რომელსაც ჩვენ ვერ
გადავიტანთ. ეს უნდა მოხდეს ყველაფერი პროფესიონალების და კანონის
მიხედვით. ამის გარდა, პროექტში არის საშინელი დარღვევები,
დამპროექტებლის მიერ არის არასწორი აღრიცხვა, ყველაფერი არასწორად
არის. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ამჟამად, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს.
შეთანხმებულია პროექტის ავტორთან სიტყვიერად, რომ დროულად მოხდეს
ცვლილებები, აღმოიფხვრას თუ რამე ხინჯია პროექტში. როცა სამუშაოები
იწყება, ჩნდება მიწისქვეშა ფარული სამუშოები, რომელიც ზედაპირულად არ
ჩანს, ეგ პროექტის ავტორსაც არ ეცოდინებოდა,"- ამბობს ბორის
ჭკუასელი.
პროექტის
ავტორი
ამხანაგობის შენიშვნა მიუღებელია პროექტის ავტორისთვის. შპს "ხუროს"
ხელმძღვანელი, ბადრი მელქაძე ამბობს, რომ "მშენებელი" "წყალწაღებულის"
პოზიციაშია და "ხავსს ეჭიდება".
"ცუდი ხერხი მოძებნეს, ხელისშემშლელი მექანიკურად აღმოვჩნდით ჩვენ.
ჩვენს პროექტს გავლილი აქვს ექსპერტიზა, ტოპოგრაფია და სამწუხაროდ, ამ
პროექტის წაკითხვა ვერ ხერხდება. თუ რაიმე გამოჩნდა ისეთი, რომელიც
ჩვენ ვერ უნდა დაგვენახა, ამისთვის არსებობს, გაუთვალისწინებელი
ხარჯები, მაგრამ მანდ პრობლემა უფრო სეიროზულია და რასაც თქვენ
ასახელებთ, ის ზღვაში წვეთია. ტენდერზე გავიდა 2, 8 მილიონიანი
ობიექტი და კომპანიამ მოიგო 1,7 მილიონად. ბოლომდე არ ვართ საქმის
კურსში საიდან გააფასეს 1,7 მილიონად. მიაკითხეთ ვინც გამარჯვება
მისცა, როგორ მოხდა, რომ ამხელა ნაკლები თანხით გაიმარჯვეს," -
გვიხსნის ბადრი მელქაძე.
ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების
პოზიცია
"საიდან წამოვიდა ეგ მოსაზრება, რომ დაბალი ფასის გამო
დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ? ანუ ძვირად ვინც აკეთებს მასთან უნდა
დაედოთ კონტრაქტი? ეგ რომ გაეკეთებიათ სასჯელი არ აცდებოდათ," -
ამბობს ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულია ადგილობრივი
თვითმმართველობის სატენდერო კომისიაზე.
მისივე თქმით, კომისიამ დოკუმენტაციის დასაზუსტებლად კანონმდებლობით
დადგენილი 3 დღიანი ვადა გამოიყენა.
"ჩვენთან ზედმიწევნით სწორად წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული
ყველა დასკვნა, გაანგარიშება, გამოცდილება და საგარანტიო. მთავარია,
რომ მერიამ ზედმიწევნით სწორად გააკეთა ყველაფერი და კანონის ყველა
მოთხოვნა დაიცვა. საამაყოდ არ ვამბობ, მაგრამ ქუთაისის შესყიდვები
პირველი ნომერია საქართველოში. წლებია მუშაობს და ცენტრალური
შესყიდვებიც აღიარებს, როგორც საუკეთესოს," - აღნიშნავს ყოფილი მერი,
შოთა მურღულია.
ქუთაისის მოქმედი ხელისუფლება კი, ჯერჯერობით, ტენდერში გამარჯვებულ
კომპანიას მონიტორინგს უწევს და ამხანაგობის წარმომადგენლებთან ერთად,
ტერიტორიას ადგილზე აკვირდება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის
თანამშრომლები, გზის მშენებლობისას წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ
შემთხვევებზე საუბრობენ. თუმცა, ამხანაგობისგან განსხვავებით,
პროექტში არსებულ ხარვეზს გამორიცხავენ.
"მიწის მოჭრის სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოჩნდა, რომ აქ არის
ინტენერტ პროვაიდერების, წყლისა და "ენერგო პრო ჯორჯიას"
ინფრასტრუქტურა, რომლებსაც ჭირდება გადატანა. არსებობს სამუშაოების
გარკვეული ტიპი, რომელიც ფარული სამუშაოების შესრულების პროცესში
ჩნდება. პროექტის ავტორის მიერ მოკვლეული იქნა კანონის შესაბამისად,
ეს არის კომპლექსური პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ამაზე
კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ," - ამბობს ქუთაისის მერიის
კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, მირზა ხიდაშელი.
თვითმმარველობის წარმომადგენელი ვერც იმას აკონკრეტებს, დასრულდება თუ
არა დარჩენილ 5 თვეში გზის მშენებლობა. მირზა ხიდაშელი განმარტავს,
რომ მერია სამართლებრივ მექანიზმებს მას შემდეგ აამოქმედებს, თუკი
კომპანია ამ ხელშეკრულებით ნაკისრს ვადებულებებს ვერ შეასრულებს.
"ჩვენი ურთიერთობა გაწერილია ხელშეკრულებით და ვადების დარღვევა
ითვალისწინებს სანქციებს. თუ პრობლემური გახდება პროექტი, ეს
ითვალისწინებს კომპანიის გაშავებას შესყიდვების ერთიან სისტემაში," -
აცხადებს მირზა ხიდაშელი.
მშენებლები
მშენებლობის პერსპექტივაზე
ის, რომ გზის მშენებლობას ამხანაგობა "მშენებელი" ნაკისრი
ვალდებულებით დათქმულ ვადაში შეძლებს, ამავე ტენდერში მონაწილე
ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები გამორიცხავენ. მათი აზრით,
პროექტი საერთოდ ვერ შესრულდება.
"მილიონახევარი ლარით დაკლებული ფასით მეც გამიჭირდებოდა ამის
გაკეთება. ხომ ხედავთ გაკეთდა თუ არა," – ამბობს ერთ-ერთი კომპანია
"გზამშენი 21"-ის ხელმძღვანელი, პაატა მერკვილაძე.
"არ ვიცი, არ მგონია. მე ნუ მეკითხებით. კითხეთ ტენდერში
გამარჯვებულს," - აცხადებს შპს "დაგი+"-ის ხელმძღვანელი, გიგა
ფალიანი.
უფრო კრიტიკულია პროექტის ავტორი, შპს "ხუროს" დირექტორი, ბადრი
მელქაძე.
"ეს არარეალურია. ობიექტი არ გაკეთდება და ვერ ჩაბარდება, ამიტომ ახლა
ეძებენ გამოსავალს. როგორ გააკეთებს სახლიდან თუ მოიტანს არ ვიცი," -
აცხადებს ბადრი მელქაძე.
სტატის პირველი ნაწილი
იხილეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები