იდგა დავითობა დღეს ივანე ჯავახიშვილი ტფილისის უნივერსიტეტის
ეზოში და სიამაყით უყურებდა შეკრებილ ხალხს. არა, ახლა სისუსტე არ
შეიძლებოდა...
დაიარებოდა ქალაქში მაღალი კაცი,
ოდნავ მხრებში მოხრილი,
აქა-იქ თმაშევერცხლილი,
ქართული გამჭოლი მზერითა და სათნო თვალებით, თითქოსდა მიამიტური
ღიმით, - ბავშვებმა რომ იციან, ისე, - გახარებისას, ან სიხარულის
მოლოდინში,
მაღალი შუბლით,
თმაგადავარცხნილი,
კოპწიად ჩაცმული,
ბოლოებშეკვეცილი ულვაშებით...
დადიოდა ქალაქში და შეგეძლო დაყრდნობოდი მას, რადგან არ გიღალატებდა
არასოდეს.
დადიოდა ქალაქში თავისი მძიმე ტვირთით - საქართველოს წარსულით და ამ
წარსულით მას უნდა შეექმნა დიადი აწმყო, რომელიც არასოდეს
მოიშლებოდა.
დადიოდა ქალაქში ახალი მემატიანე ივერიისა, თითქოს ლეონტი მროველი,
ჯუანშერი, ბასილი ეზოსმოძღვარი, ცნობილი და უცნობი
ჟამთაღმწერლები, დაკარგული და ნაპოვნი მემატიანენი გაცოცხლებულიყვნენ
მასში, ყველანი ერთად, უკლებლივ...
და ჩაიტია ყველა მათგანი ამ ერთმა გამხდარმა მხრებში მოხრილმა მაღალმა
კაცმა და ზიდა ისინი დიდის პატივით.
დადიოდა ტფილის-ქალაქში სიცოცხლის ჩვენება, რომელსაც სიკვდილი არ
ეწერა, რადგან მასში იმ წარსულთან ერთად შერწყმულიყო მარადი
მომავალი.
ნელი ნაბიჯებით დადიოდა და რუდუნებით აკეთებდა თავის საქმეს. აკეთებდა
კარგად, სანიმუშოდ, რომ არასოდეს წამხდარიყო თავისი ნაკეთები, რაგინდ
მრავალი დუშმანი შემოსეოდა მამულს, იქაც უნდა გაეგრძელებინა თავისი
არსებობა.
მტრები მიდიოდნენ და მოდიოდნენ ოდითგან, - ეს კარგად იცოდა და
გასიგრძეგანებული ჰქონდა. მისი ნაბიჯები მტკიცე იყო, მტკიცე იყო მისი
სავალი გზაც, თუმცაღა მძიმეც. ის დიდი კაცები უმსუბუქებდა მას სავალს,
იგი ხომ ილიას სახელმწიფოს ერთი დიდი ქვაკუთხედი იყო.
დადიოდა და სწავლობდა ყველაფრიდან ყველაფერს. ძველთა ნაკვალევთა
მაგალითებს ითვალისწინებდა და აჯერებდა მას თანამედროვეობასთან.
ალბათ, ასე რუდუნებით ქმნიდა დავით აღმაშენებელი გელათის აკადემიას,
მსოფლიოში გაბნეულ ქართველობას რომ ერთად უყრიდა თავს და
საქართველოსკენ მოუწოდებდა და ისინიც მოდიოდნენ და ქმნიდნენ სასწავლო
კერებს. დავითისთვისაც არ იქნებოდა იოლი აკადემიის შექმნა, თანაც იმ
დროში - მთელი ცხრა საუკუნით ადრე, მაგრამ იგი დავითი იყო - მეფე
აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სხვათა და სხვათა...
შენ კი სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქალაქში მოხეტიალე და ახლა ტფილისს
ჩამოსული პროფესორი ხარ და ოცნებობ ილიას ოცნებას, რადგან შენც ილიას
სახელმწიფოს კაცი ხარ, ოცნებობ ქართულ უნივერსიტეტზე
-
ALMA
MATER-ზე, ოცნებობ და ძილშიც წამოგაყვირებს დედა უნივერსიტეტის
დაბადების იდეა.
დაიარება ტფილისის ყველა უწყებაში, რათა ყველაფერი გააკეთოს და ყველას
გააკეთებინოს საქმე მამულიშვილური. ზოგჯერ გაწბილებული ყოფილა, ზოგჯერ
გამხნევებული, მან იცოდა, ვისი გორისა იყო და ამიტომ ფარ-ხმალს არ
ყრიდა და ჯიქურ მიიწევდა მიზნისაკენ.
წერილები, განცხადებები, თხოვნები უხვად დაარიგა სახელმწიფო
უწყებებში, სახელმწიფოსი, რომელიც ჯერ არც კი არსებობდა, მაგრამ, რაც
იყო, იქ დადიოდა და უმტკიცებდა ამა თუ იმ მუხლს, ამა თუ იმ დებულებას
ამ უწყებათა მესვეურთ.
იოლი არ იყო მისთვის ბიუროკრატიის ჯებირები გაერღვია და ვინც რა არ
იცოდა, იმისთვის არსებული კანონი მიეთითებინა და ამით საწადელისთვის
მიეღწია. ამტკიცებინებდა ბიუჯეტს, სასწავლო გეგმებს. თვითონაც
სწავლობდა მოწინავე უნივერსიტეტების გამოცდილებას, აჯერებდა ქართულ
რეალობასთან და მეტადრე საჭიროებასთან.
დადიოდა და არ იღლებოდა, არც სწყინდებოდა. რამდენჯერაც იქნებოდა
საჭირო, იმდენჯერ შეაწუხებდა მავანს და მავანს.
ALMA
MATER-ი მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. გვერდზე გადადო
"ქართველი ერის ისტორიის" მეორე წიგნი, რათა დაეგვირგვინებინა
წამოწყებული საქმე, უამისოდ არც ერთ მის წიგნს აზრი არ ექნებოდა.
მარტო ვერას გააწყობდა, ამიტომ შემოიკრიბა თანამოაზრეები და
საინიციატივო ჯგუფი შექმნა.
იკრიბებოდნენ ოჯახ-ოჯახ და მსჯელობდნენ მომავალ უნივერსიტეტზე და
უნივერსიტეტის მომავალზე. გვიანობამდე მსჯელობდნენ, აჯერებდნენ
ერთმანეთის აზრებს. მსჯელობდნენ, თუ ვინ უნდა მოეწვიათ ამა თუ იმ
დისციპლინაში, ვინ რის ვალდებულებას აიღებდა საკუთარ თავზე. ზოგჯერ
დათენებიათ კიდეც სჯა-ბაასში. გამომშვიდობებისას ბოდიშს უხდიდნენ
ოჯახის დიასახლისებს შეწუხებისთვის და მომავლისთვის პატარა ბავშვებს
ტკბილეულით ანებივრებდნენ. საინიციატივო ჯგუფის მომდევნო შეკრებები
სხვადასხვა ოჯახში ხდებოდა და იგივე გრძელდებოდა.
ერთმანეთს ჰპირდებოდნენ, უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ ყველანი
ბედნიერად ვიცხოვრებთო... და მართალიც იყვნენ, მათ ხომ თავი
გადადებული ჰქონდათ და არ იცოდნენ არც დღე, არც ღამე.
თანდათანობით ყველაფერი ჯამდებოდა, ყველა წვრილმანი ერთ დიდ საქმედ
გვირგვინდებოდა, გაუთვალისწინებელიც გათვალისწინებულ იქნა. ასე რომ,
ყველაფერი მზად იყო, ყველასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო:
გეგმები - დაწერილი,
თანამშრომლები - დასახელებული,
ფაკულტეტები და კათედრები - დამტკიცებული,
სტუდენტთა მიღების წესი - შემუშავებული,
სახელმძღვანელოები - შერჩეული, ან დაწერილი,
პრინციპი - ნაპოვნი.
ახლა მშვიდად შეიძლებოდა ამოსუნთქვა და უნივერსიტეტის გახსნის თარიღის
დასახელება.
იოლი დასაწერია და იოლი სათქმელია ყველაფერი ახლა და ასე...
შენობაც შეარჩიეს საუკეთესო ადგილას - ეს ის შენობა იყო, სადაც
ვაჟა-ფშაველამ დატოვა თავისი სული. ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა
დაეტოვებინა დიდ პოეტს. უნივერსიტეტში იტრიალებდა ვაჟასეული
სულისკვეთება - გმირული და გამბედავი, უდრეკი და ბრძენი. ამაზე დიდი
საჩუქარი რომელ უნივერსიტეტს ექნებოდა, თუ არა ტფილისისას. ვაჟას სული
ჩააგონებდა ყველა სწავლულს და მოსწავლეს კაცთმოყვარეობას. ვაჟა
იქნებოდა ის დიდი მასწავლებელი, ვინც თავისი ცხოვრებით ასწავლიდა
ყველას თავმდაბლობას...
და კიდევ ერთი - თარიღად დაასახელეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე,
როდესაც უნდა გახსნილიყო ქართული უნივერსიტეტი.
რატომაც არა. სწორედ დავითის ხელდასხმით უნდა წარმართულიყო ცხოვრება
ახალ ქართულ უნივერსიტეტში. არა, ეს შემთხვევითი დამთხვევა არ ყოფილა,
ეს წინასწარგააზრებული აწო- ნილ-დაწონილი გადაწყვეტილება იყო, რადგან
დავითისკენ უნდა ყოფილიყო ყველა ქართველის მზერა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ III-მ დალოცა ახალი
ქართული უნივერსიტეტი და კურთხევაც მისცა დავითობის დღესასწაულზე
გახსნილიყო მისი აღმატებულება დედა-უნივერსიტეტი.
მთელმა ტფილისმა მოიყარა ამ დღეს თავი უნივერსიტეტის ეზოში, მთელმა
ტფილისმა იზეიმა სასწავლებლის გახსნა. ილიას სახელმწიფო გამყარდა,
ფეხზე დადგა, ამიერიდან მას ვერავინ წააქცევდა, წაქცევის მოსურნენი კი
მრავლად იყვნენ.
ივანე ჯავახიშვილისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ
გაუძღვებოდა ტფილისის უნივერსიტეტს. მისთვის მთავარი იყო ის
დაარსებულიყო, მხოლოდ ეს ამბიცია აწუხებდა მას - ქართველური, სპეტაკი
ამბიცია დიდი საქმისა. წვრილმანებს კი ისედაც მოევლებოდა.
იდგა დავითობა დღეს ივანე ჯავახიშვილი ტფილისის უნივერსიტეტის ეზოში
და სიამაყით უყურებდა შეკრებილ ხალხს. არა, ახლა სისუსტე არ
შეიძლებოდა, სიხარულის ცრემლები კი არა, თვით ბედნიერება უნდა
გადმოსულიყო მისი თვალებიდან და ასეც იყო.
ამ დღიდან ტფილისი საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები