ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით,
მრავალსართულიანი კორპუსი შენდება.
შენობის სიმაღლემ უკვე გადააჭარბა უნივერსიტეტის ეზოში ახლადაშენებულ
ბიბლიოთეკას.
პროექტის მიხედვით, კორპუსს ფანჯრები უნივერსიტეტის პირველი და მეორე
კორპუსის მოსაზღვრე მხარეს, რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით
ექნება. საგანმანათლებლო დაწესებულებას კი, საცხოვრებელი
ზონისგან მხოლოდ 3 მეტრიანი კედელი ჰყოფს.
უნივერსიტეტის
კორპუსებს შორის მოქცეული მრავლბინიანი საცხოვრებელი
სახლი
უნივერსიტეტის მახლობლად კორპუსის მშენებლობა მიუღებელია
დაწესებულების ხელმძღვანელობისთვის. პროექტის პირვანდელი ვერსიით,
მშენებლობის წინააღმდეგი იყო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული
სააგენტოც. თუმცა, რამდენიმე დღეში სააგენტომ პოზიცია შეცვალა და
პროექტი მოიწონა.
სააგენტოსგან განსხვავებით, უნივერსიტეტში დღემდე მიაჩნიათ, რომ
საუნივერსიტეტო კორპუსების მახლობლად მრავალსართულიანი საცხოვრებელი
სახლის მშენებლობა დაუშვებელია. დაწესებულების ადმინისტრაციაში
ამბობენ, რომ მშენებლობის დაწყების დღიდან ცდილობდნენ მშენებელს
ღიობები სხვა მხარეს გაეკეთებია, თუმცა, ამაოდ.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ასე არ ყოფილიყო, მაგრამ არაფერი
გამოვიდა. მივწერეთ განათლების სამინისტროსაც და ვუთხარით, რომ არ
ვეთანხმებოდით ამ მშენებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ
გადაწყვეტილების მიმღები არ ვიყავით. მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ პოზიცია
გვეცნობებინა სამინისტროსთვის. ამის უკან რომ კონკრეტული ინტერესი არ
ყოფილიყო, შეუძლებელია ვინმეს მისი მშენებლობის ნებართვა გაეცა", –
ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, კახა კუპატაძე.
სამშენებლო პროექტის მიხედვით, თამარ მეფის მესამე ჩიხის N 1–ში
საცხოვრებელ კორპუსს, ქუთაისის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი,
ნინო ხარაბაძე აშენებს. სწორედ მის სახელზე გასცა მშენებლობის
ნებართვა ქუთაისის მერიამ (ნებართვის N002497). თუმცა, ნებართვის
მფლობელი ირწმუნება რომ მშენებლობას სინამდვილეში ინდ.მეწარმე, ლაშა
ლანჩავა აწარმოებს. მისი თქმით, ლანჩავამ მისგან ამავე მისამართზე
არსებული კერძო სახლი შეიძინა, შემდეგ დაანგრია და ახლა ამ ადგილზე
კორპუსს აშენებს. სანაცვლოდ კი, მან ახლადაშენებულ კორპუსში
საცხოვრებელი ფართი უნდა მიიღოს.
საჯარო რეესტრის 2016 წლის 19 ივლისის ამონაწერით კი, თამარ მეფის
მესამე ჩიხის N1–ში არსებული 837კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსი
შენდება, დღემდე ნინო ხარაბაძის მფლობელობაშია. ლაშა ლანჩავას სახელზე
კი ამ მისამართზე საკუთრება არ ფიქსირდება. ამასთანავე,
მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ნინო ხარაბაძის სახელზე
ფორმდება. მისი სახელით ჩატარდა სამშენებლო მიწის ნაკვეთის
არქეოლოგიური ექსპერტიზაც. ქუთაისის მერიასა და კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტოშიც პროექტის შეთანხმება მისი სახელით
წარმოებდა.
ამის მიუხედავად, ნინო ხარაბაძე მშენებლობით დაინტერესებას უარყოფს და
ამბობს, რომ პროექტზე უფლების მისაღებად არც მისი სამსახურებრივი
მდგომარეობა გამოუყენებია.
"მე არ ვაშენებ ამ კორპუსს და შესაბამისად, არავითარი ზეგავლენა არ
შეიძლებოდა მოეხდინა მშენებლობაზე იმას, რომ მე პროკურატურაში
ვმუშაობ", – ამბობს ნინო ხარაბაძე.
მისივე თქმით, მშენებლობის მიმართ მისი ინტერესი მხოლოდ კორპუსის
მოკლე ვადებში დასრულებით შემოიფარგლება, რათა მან დროულად მიიღოს
საცხოვრებელი ფართი.
ლაშა ლანჩავა, რომელზეც ნინო ხარაბაძე საუბრობს, წლებია
ბიზნესსაქმიანობას ეწევა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი 10–მდე
კომპანიაში ფლობს წილს. ლანჩავა ადასტურებს, რომ თამარ მეფის მესამე
ჩიხის N1-ში კორპუსს აშენებს. თუმცა, მშენებლობის პროკურატურის მიერ
მფარველობას გამორიცხავს.
"არც ერთ ეტაპზე მომხდარა არც ერთი პროკურორის ჩართვა. არც ერთი
ზარი არ განხორციელებულა. ვერსად ნახავთ კვალს, რომ ვინმეს ინტერესი
ყოფილიყო ამ საქმეში. ნინო არის მესაკუთრე და ამიტომ ვაწარმოებ მისი
სახელით პროცედურებს. ეს ჩვენი კერძო შეთანხმებაა", – ამბობს ლაშა
ლანჩავა.
რაც შეეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ პროექტის
ჯერ დაწუნებას, შემდეგ კი თანხმობის გაცემას, ლაშა ლანჩავა ამბობს,
რომ თავდაპირველად სააგენტოს ექვსსართულიანი (მანსარდით) კორპუსის
პროექტი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, შემდეგ კი მათი შენიშვნები
გაითვალისწინა.
სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ:
"ქუთაისისთვის ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ე.წ. ჩინური
სახლი) საიხლოვეს, მრავალსართულიანი ახალი მოცულობის განთავსება
არამიზანშეწონილია, ვინაიდან, ესკიზურ ვარიანტში წარმოდგენილი
სივრცითი პარამეტრებისა და მოცულობის მქონე შენობა დაარღვევს
განაშენიანების მასშტაბს და გააუარესებს ძეგლის აღქმას"
– ნათქვამია სააგენტოს პასუხში.
მეორე წერილში კი, რომელიც სააგენტომ 20 დღის შუალედით გამოგზავნა,
პროექტს დასაშვებად
ცნობს, თუმცა, არ განმარტავს კონკრეტულად რა შეიცვალა პროექტში. წერილში აქცენტი
მხოლოდ მანსარდის სისადავის აუცილებლობასა და მხატვრული
იერსახის დახვეწაზეა. შენობის ღიობებსა
და სიმაღლეზე
კი სააგენტო არაფერს განმარტავს.
"ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა III ჩიხი N1 -ში მდებარე მოქალაქე ნინო
ხარაბაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ექვსსართულიანი (მანსარდით,
სარდაფით) სამშენებლო პროექტი განხილულ იქნა "კულტურული მემკვიდრეობის
ეროვნული სააგენტოს" დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის
სექციის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილ ვარიანტს მიეცა დადებითი
შეფასება შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწილებით: მანსარდის
სართულის მასიური მოაჯირი შეიცვალოს მეტად მსუბუქი მოაჯირით, მოიხსნას
ფანჩატურის ტიპის გადახურვა" -ნათქვამია წერილში.
პროექტის კორექტირების მიუხედავად, მშენებარე კორპუსის სიმაღლე ბევრად
აჭარბებს როგორც ე.წ. ჩინურ სახლს, ასევე, უნივერსიტეტის ძველ და ახალ
კორპუსებს.
პროექტის საბოლოო,
შეთანხმებული ვერსია
სასწავლო დაწესებულების გვერდით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის
მშენებლობა იმთავითვე გააპროტესტა პოლიტიკურმა ოპოზიციამ.
"თვისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი
წულაიამ, მაშინ მერია პროექტზე ნებართვის გაცემის გამო
პროკურატურასთან თანამშრომლობაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ
მშენებლობის უკან საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნები იდგნენ.
მასალის გამოყენების პირობები