პოეტ
ზვიად რატიანის საქმეს, მის დაკავებას და
პოლიციის მხრიდან ძალადობას ქუთაისელი მწერლები ეხმაურებიან.
ტარიელ დათიაშვილი, მწერალი, ფილოსოფოსი: თვითონ
ასეთი ფორმულირებაც რაღაც მეხამუშება "პოლიცია ცუდად მოექცა პოეტს",
ეს უფრო იყო სანადიროდ გამოსული მხეცების დაგეგმილი, მიზანმიმარული
ძალადობა. ქუჩაში პირველივე მყვირალა ფერზე აღეგზნენ, ერთმანეთთან
შეთანხმებით გამორთეს კამერები, დაუნდობლად გაუსწორდნენ ნასვამ
ადამიანს და ცინიკური თეატრალურობით აღბეჭდეს ფირზე. რა თქმა უნდა, ეს
იყო დამთრგუნველი ამბავი. მათთვის სამწუხაროდ, ეს "მთვრალი ადამიანი"
ზვიად რატიანი აღმოჩნდა, საშინელებაა... და კიდევ უფრო დიდი
საშინელება ჩაიდინა ამ ე. წ. "საზმაუს" ხელმძღვანელობამ, დაჩეხა
კადრები იმ მიზნით, რომ ადამიანის დაუნდობელი ცემა ყოფილიყო
გამართლებული. მოკლედ, აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ადამიანების
გამოსვლების პათოსს და გამონათქვამებს, რომლებიც სამართლიანად
აღშფოთდნენ ამ საშინელ ძალადობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის
ღირსების განადგურების ტექნოლოგიის ურცხვ გამოფენაზე... მე ჯერ კიდევ
ვერ გამოვსულვარ ამ შოკიდან
სერგო წურწუმია, პოეტი: ერთგან თვალი წავკარი:
"მშვიდად ცხოვრება უნდათ, კანონმორჩილება არა!" კანონმორჩილება
დამონებას არ ნიშნავს, ჯერ ერთი და მერე, მართალია რუსეთში მოარული
თქმა: ვისაც სტალინი უნდა, უნდა მეზობლისთვის და არა თავისთვის!
იცოდეთ, ის "სტალინი" თქვენგან დაიწყებს სწორედ ქვეყნის "გასწორებას",
მერე გადავა თქვენს მეზობელთან!
მეორეც: კანონის უზენაესობა საყოველთაო უნდა იყოს! კანონს ვინც წერს,
იმისთვისაც იწერება იგი და არა მარტო ხალხისთვის.
შეუწყნარებელია კანონს ზემოთ მდგომი კლანის არსებობა 21-ე
საუკუნეში!
როგორც კი ამას წავუყრუებთ და დავუშვებთ, იმ წამსვე ის კლანი დაიწყებს
მოქმედებას წყეული (მუდმივმოქმედი) პრინციპით: მეგობრებს ყველაფერი,
დანარჩენებს - კანონი!
ეს კი უკვე გამოვიარეთ და არა ერთხელ,სხვათა შორის...
ლევან ბიბილეიშვილი, რეჟისორი:ერთი ის შემიძლია
ვთქვა, რომ სახელმწიფო იმდენად ვერ უვლის საზოგადოებას, რომ
ნებისმიერი სახის სოციალური წესრიგი გადააბარა პოლიციას. ერთ ხელში
სანთელი უკავია და მეორეში ხელკეტი - ესაა ჩვენი სახელმწიფოს
სახე.
მირიან ებანოიძე, მწერალი, ფილოსოფოსი: არ ვემხრობი
აზრს რომ არა აქვს მნიშვნელობა პოეტია თუ ხულიგანი, რომ ყველა
ადამიანი ადამიანია. ვფიქრობ, რომ კულტურა და ცივილიზაცია ფასდება
ასეთ მომენტებთან მიმართებით, ოღონდ ეს ჩინოსნებს არ ეხებათ.
პოლიციელების მიერ ცემაში სირეგვნეს ვხედავ და დაუხვეწავ სისტემას.
მაგრამ ტელევიზიების მიერ ვიდეოს გაშუქება დანაშაულია. ეს მარტო
პირველ არხს არ ეხება, მაგრამ თუ ისიც სხვებს დაემგვანება, ეს უკვე
გემოვნების კოლაფსია. უფრო ამის გამო მძულდა "ნაციონალები", ვიდრე
უბრალოდ ძალადობის გამო. ზვიადის მხარდამჭერები არ შემოიფარგლება
მხოლოდ ოპოზიციური სპექტრით. ეს უფრო ფარული მხარდაჭერაა, არა
ხალხისგან, არამედ მისი პოეზიის მკითხველებისა, ისევე როგორც მისი
ცხოვრების სტილისა. ანგაჟირებულობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
ვფიქრობ, მთავრობაზეც ამან უფრო იმოქმედა.
მასალის გამოყენების პირობები