საზოგადოება
გაყიდული შენობები, სადავო მშენებლობები და უხარისხო სამუშაოები – ქუთაისი 2017 წელს
FaceBook
"მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა უკეთესად ვიმუშაოთ", -ამ ფრაზით დაიწყო ქუთაისის ახალმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ პირველი სამუშაო დღე.
უკეთესი, ახალი ხელისუფლებისთვის, ჯერჯერობით, ძველი გუნდის მუშაობის დაწუნება და შეცდომების ხაზგასმა აღმოჩნდა.

პირველი, რაც ახალმა გუნდმა დაიწუნა, ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო, რომელიც უკვე შემუშავებული და საკრებულოშიც გადაგზავნილი დახვდათ. გიორგი ჭიღვარიამ 2018 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულოდან შესწორების მოტივით გამოითხოვა და რამდენიმე დღეში კვლავ დააბრუნა. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტში არსებითად არაფერი შეცვლილა და ახალმა გუნდმა ეს ავტორიტეტის გასამყარებლად გააკეთა.

ცოტა ხანში კი აღმოჩნდა, რომ ქალაქის ახალ ხელისუფლებას პროექტის შესასწავლად დრო არ ყოფნის და ახალი ბიუჯეტი ქალაქს მინიმუმ 2018 წლის იანვრის ბოლომდე არ ექნება.

პირველივე სამუშაო დღეს დაანონსა გიორგი ჭიღვარიამ რეორგანიზაცია, რასაც 9 სამსახურიდან 5-ის უფროსის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

"შეცდომების გასწორება" სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა ააიპებში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებისთვის ერთი წლის წინ დაწესებული ფასიანი სწავლება გაუქმდა. გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა,რომ ეს მისი პირველი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შეასრულა.

ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში ახალმა გუნდმა შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა უკანონო მშენებლობებს და სამაგალითოდ დასაჯა სამშენებლო კომპანია "სახლი N1", რომელმაც ქალაქის ცენტრში პროექტით გათვალისწინებული 5-ის ნაცვლად 7 სართულიანი კორპუსი ააშენა.

ცლილებები, ძირითადად, იმ სფეროებს შეეხო, რომელთა ადმინისტრაციაც ან საერთოდ გაუქმდა ან ხელმძღვანელმა პირებმა პოსტები დატოვეს.
რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს მერიის კულტურის სამსახური, მისი განყოფილებები კი ადმინისტრაციულ სამსახურს შეუერთდა. პოსტი დატოვა არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, რასაც ამავე სამსახურის ორად გაყოფა მოყვა.

ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ რეორგანიზაციითა და ბიუჯეტის შესწავლით არის დაკავებული. რაც შეეხება, მნიშვნელოვან პროექტებს, საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია ამბობს, რომ ქალაქს წინ უპრეცენდენტო, საკანალიზაციო ქსელის 300 მილიონიანი პროექტი ელოდება, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. წყლის სისტემის რეაბილიტაცია კი ნიკოლოზ ლატარიას 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია, იმის მიუხედავად რომ მის მიერ დასახელებული არც ერთი პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით არ კეთდება.

"ეს წელი ქუთაისისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მიმდინარეობს წყლის პროექტი და თითქმის დასრულების ფაზაშია. თუმცა, არის პრობლემები, მაგრამ როცა რაღაც კეთდება, ბუნებრივია დისკომფორტს იწვევს. ეს დროებითი დისკომფორტიც მალე მოიხსნება და მომავალი წლის ზაფხულში ქუთაისს 24 საათაინი წყალმომარაგება ექნება. პარალელურად დაიწყება კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია, რომლის მსგავი პროექტი ქალაქს არ ახსოვს", -ამბობს ნიკოლოზ ლატარია.

ლატარიასგან განსხვავებით, 2017 წელი ოპოზიციას გაყიდული ობიექტებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით დაამახსოვრდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ მთელი წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლება სისუსტეს და უპასუხისმგებლობას იჩენდა. ახალი გუნდი კი ხალხზე ზრუნვის ნაცვლად პარტიული აქტივისტების დასაქმებითაა დაკავებული.

"ეკონომიკურად აქვთ უმძიმესი ვითარება და ცდილობენ თანხები დაზოგონ, მაგრამ ამას აკეთებენ ხალხის და არა საკუთარი აქტივისტების ხარჯზე, რომელთა დასაქმებითაც არიან დაკავებული. ძვირდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ბაღებში აბრუნებენ გადასახადს, ქალაქში გადათხრილია ქუჩები. თუ რამით იწონებს თავს ყოფილი თუ ახლანდელი გუნდი, ყველა პროექტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება, ამათ კი არ აქვთ არც გავლენა და არც ავტორიტეტი, რომ თუნდაც პასუხი მოსთხოვონ იმ კომპანიებს, რომლებიც უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს. ოპტიმისტურს ვერაფერს ვხედავ,",-ამბობს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე კი მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქში უპერსპექტივობის განცდა გაძლიერდა, რაც ყოფილი გუნდის მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა.

"დამამახსოვრდა ბევრი გაყიდული ობიექტი, მათ შორის გაიყიდა ისეთი შენობები, რომელთა გასხვისებაც მათი ადგილმდებარეობის, ფუნქციისა და სტრატეგიული მნიშვნელობის გამო დაუშვებელი იყო. ჩემთვის მიუღებელი იყო მწერალთა სახლის გაყიდვა. რაც უნდა გაკეთდეს იქ, ის იყო ისტორია და ამით ეს ისტორია დაიკარგა. ზოგადი ფონიც საგანგაშოა. მოსახლეობის რაოდენობა მიმაჩნია მე ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის პულსად. ფაქტია, რომ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა ქალაქი დუხჭირი ცხოვრებისა და უპერსექტივობის გამო",-ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

ჯერ დამწვარი, შემდეგ კი გაყიდული ობიექტებით, სადავო მშენებლობებითა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით 2017 წელი ქუთაისში ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და მწვავე წელი იყო.

ხელისუფლების მიერ გადადგმულ პრინციპულ ნაბიჯებს საზოგადოების ნაწილი ხშირად ხვდებოდა პროტესტით, იქნებოდა ეს ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობა, თუ სკვერებსა და ეზოებში კორპუსების ჩადგმის მცდელობა.

მერიის წინ გამართული საპროტესტო აქციების შედეგად, კომპანიებს საკუთარ ეზოებში კორპუსების აშენების უფლება არ მისცეს ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა, თუმცა, საზოგადოების პროტესტს შედეგი ყოველთვის არ მოყვებოდა. რუსთაველის ქუჩა N 95–ში 4 სართულიანი შენობის აშენებას მოსახლეობამ საპროტესტო აქციებითა და სამართლებრივი ბრძოლითაც ვერ შეუშალა ხელი.

ზოგჯერ, სტრატეგიული ობიექტის გაყიდვა შენობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ ხდებოდა. მაგალითად, გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლის შენობა ხანძრის გაჩენიდან ერთ წელიწადში გაიყიდა. იგივე ბედს უწინასწარმეტყველებდნენ "თეატრალური საზოგადოების" შენობასაც, რომელიც ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან როხვაძე, იმთავითვე ეჭვობდა, რომ ცეცხლი შემთხვევით არ გაჩენილა, თუმცა, მისი გაყიდვა დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დამდგარა.

დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, თუმცა, არც გახსნილა კაფე–ბარი "არგო", რომელიც არამხოლოდ 2017 წლის, არამედ, გასული წლის ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა იყო.

ბოლო ორი წელია კიდევ ერთი ობიექტის საზეიმო გახსნას ელოდება ქუთაისის მოსახლეობა. ასათიანის ქუჩა, სადაც ჯერ კიდევ ვერ მოაწყვეს სანიაღვრე არხი, ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გახსენებია. ბოლო განმარტება გაჭიანურებულ სამუშაოებზე ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ გააკეთა და განმარტა, რომ კარგი კოორდინაციის პირობებში სამუშაოები მოკლე ვადებში დასრულდებოდა.

ასათიანის ქუჩის მსგავსად, ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი გზაა ამორტიზებული, ახლადრეაბილიტირებული ქსელიდან კი რამდენიმე ქუჩაზე წყალი იქცევა.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქალაქის ყოფილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა, როცა ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს "აია არენაზე" მისვლა ამორტიზებული გზით მოუწიათ.

გადათხრილი ქუჩებით და მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტით ყოველდღე გადაადგილდებიან საქალაქო ტრანსპორტის მგზავრები. 2017 წლის 7 აპრილიდან კი მათთვის ცხოვრება მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდა. უკვე 9 თვეა ქუთაისში ავტობუსით მგზავრობა 40, ხოლო მიკროავტობუსით –50 თეთრი ღირს.

წლის მიწურულს ქალაქში მცხოვრები უსახლკაროებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 20 დღით ადრე, თავშესაფრის არმქონე 65–მდე ოჯახს, დროებითი საცხოვრებლის გასაღები გადაეცა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ შენობა, რომლის მოსაწყობადაც ქუთაისის მერიამ 2 500 000 ლარი გადაიხადა, სტანდარტების დარღვევით გარემონტდა. კერძოდ, კომპანიამ არასწორი კონფიგურაციით მოაწყო ოთახები, რის გამოც ბენეფიციარებს ამ დრომდე არ აქვთ ბუნებრივი აირი.

2017 წელს ქუთაისში განხორციელებული, დაუსრულებელი, წარმატებული თუ წარუმატებელი პროექტების პარალელურად, არსებობს გრძელვადიანი ლოდინის რეჟიმში მიმდინარე მშენებლობა, რომელიც პროექტის ავტორთა მტკიცებით ერთი წელია დაწყებულია, თუმცა, ადგილზე ჯერჯერობით არაფერი აშენებულა. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის აშენებასაც 60 000 მომავალი სტუდენტი ელოდება, ალბათ, კიდევ ბევრი წლის შემაჯამებელ სტატიებში წლის მთავარ დაპირებად მოხვდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.