ფანჯრიდან გადაყრილი წიგნები, დახეული სკოლის ჟურნალი, ნაცემი
თანაკლასელები - ამ აურზაურის მთავარი გმირი, რთული ქცევის გამო,
ფსიქოლოგთან მიიყვანეს.
"თავდაპირველად, ჩემს კითხვებს ბავშვი დუმილით პასუხობდა. სამაგიეროდ,
დედა მიხსნიდა, რა თავგასული შვილი ჰყავდა. აღზრდის სახელით როდესაც
ბავშვს სჯი, ან აიგნორებ, ის სკოლაში მივა და თავის ამხანაგს
დაარტყამს. ცუდი ქცევისთვის სკოლაშიც იტუქსება და დედასთან ერთად
ახალ-ახალი ყურის ამწევი უჩნდება,"- ამბობს ფსიქოლოგი იაგორ
ბალანჩივაძე.
დედას შვილის თავგასულობა სკოლაში აუხსნეს. უთხრეს, რომ ბავშვს
ფსიქოლოგის ჩარევა სჭირდებოდა. როგორც წესი, ასე ხდება. სკოლაში თავის
დამკვიდრების პროცესში ხან აგრესიულობა იჩენს თავს და ხან
ჰიპერაქტიურობა. რაღაც ეტაპზე მასწავლებლების ძალისხმევა ბავშვის
ქცევის მართვას აღარ ჰყოფნის. ვინაიდან საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ფსიქოლოგები 2006 წლიდან აღარ მუშაობენ, დირექცია,
მანდატურთან ერთად,შეტყობინებას ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში
გზავნის. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა. ბავშვები დახმარებას სულ მცირე,
ერთი კვირა ელიან.
"ქუთაისის 38 საჯარო სკოლასთან ერთად, მთელი რეგიონის სკოლის
მოსწავლეების პრობლემებთან გამკლავებაც გვიწევს. ბოლო 2 წლის
განმავლობაში 400 - მდე პაციენტს დავეხმარეთ. რა თქმა უნდა,
მოზარდების ფსიქოლოგიური საჭიროებები გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ
ქალაქში პრობლემად რჩება კვალიფიციური კადრები," - ამბობენ
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში.
ცენტრში სულ ოთხი ფსიქოლოგი მუშაობს. მათ მომსახურებაზე მოთხოვნა კი
თანდათან იზრდება. მშობლები სპეციალისტების ნაკლებობასთან ერთად მათ
კვალიფიკაციასაც უჩივიან.
იზა კოხრეიძე ჰიპერაქტიული შვილიშვილის ისტორიას გვიყვება. ამბობს,
რომ ბავშვს ქცევის პრობლემები ჰქონდა და ფსიქოლოგის დახმარება
დასჭირდათ. ჯერ მოძებნა გაუჭირდათ, მაგრამ როცა იპოვეს, მალევე
დარწმუნდნენ, რომ მკურნალობა უშედეგოდ მიდიოდა.
"იმედი მქონდა,რომ რაღაცნაირად ბავშვის მდგომარეობა თანდათან
გამოსწორდებოდა, თუმცა ვამჩნევდი,რომ სიტუაცია უარესდებოდა. ბოლოს
მივხვდი, არაპროფესიონალთან მქონდა საქმე და მასთან აღარ წავსულვართ,"
- ამბობს იზა კოხრეიძე.
შვილისთვის ფსიქოლოგის მოძებნა ძალიან გაუჭირდა თამთა კვერნაძესაც
თუმცა საბოლოოდ, შედეგით კმაყოფილია.
"ჩემს შვილს უკვე ვატყობ განწყობის გაუმჯობესებას, თუმცა იქამდე
მისვლა იყო რთული, წვალებით და ნაცნობ-მეგობრობით მოვახერხე
კონსულტაციაზე ჩაწერა, ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავს, ასეთი კარგი
ფსიქოლოგი ხომ საძებარია ჩვენს ქალაქში," - ამბობს თამთა
კვერნაძე.
სპეციალისტების აზრით, აუცილებელია ფსიქოლოგი სკოლაში არსებობდეს. ამ
შემთხვევაში პრობლემის დროულად აღმოჩენა და სწორი რეაგირება გახდება
შესაძლებელი. ხშირად, ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი არასწორი
დამოკიდებულება შესაძლოა უფრო დიდი პრობლემა გახდეს.
პრობლემა გარდატეხის ასაკში მწვავდება. სპეციალისტების აზრით, ასეთ
დროს გამოსავალი დატუქსვა არ არის. ბავშვთან დამოკიდებულებაში შეცდომა
რომ გამოირიცხოს, ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ფსიქოლოგი მუშაობს. მისი მოვალეობა არამხოლოდ მოსწავლეების, არამედ
მასწავლებლების პრობლემის გადაჭრაცაა. სირთულეების გამოსავლენად,
სკოლებში ფსიქოლოგების ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიება, კვლევა,
ინტერვიუ და კონსულტაცია ტარდება. ბელგიაში, ჰოლანდიასა და
იუგოსლავიაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის
სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო კაბინეტიც კი არსებობს.
"ძნელია მასწავლებელმა ყველა პრობლემა შენიშნოს. ძალიან კარგი იყო,
როცა ფსიქოლოგები ყავდათ სკოლებში" - იაგო ბალანჩივაძე სკოლაში ამ
სპეციალობის ადამიანების დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
ჩვენ განათლების სამინისტროს კითხვით მივმართეთ, აპირებენ თუ არა
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგის სამსახურის აღდგენას.
პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღეში გვიპასუხებენ.
ის, რაც სკოლაში ვლინდება, სახლიდან მოდის, - ესეც ფსიქოლოგების
მოსაზრებაა. მათი თქმით, აუცილებელია მშობელი ბავშვთან მეტ დროს
ატარებდეს, ეთამაშოს როგორც თანატოლი და ასე უკეთესად ჩაწვდეს მის
სამყაროს.
"მოზარდს ვთხოვე ხეები დაეხატა ისე, როგორც ოჯახს ხედავდა. მან დახატა
იმდენი ხე, რამდენი ოჯახის წევრიც ჰყავდა, თუმცა თავისი სახელობის ხე
გამოტოვა. ბავშვი თვლიდა, რომ მას ოჯახში ადგილი არ ჰქონდა, " -
გვიყვება იაგორ ფანჩულიძე.
ასეთ დროს ბავშვი ადგილს სკოლაში ეძებს, - აგრესიით, ჰიპერაქტიურობით
ან პირიქით, ყველაფრის მიმართ ინერტული ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია
მშობელმა სწორი არჩევანი გააკეთოს, - დატუქსოს თუ დაეხმაროს, აგრესია
გამოხატოს, თუ სიყვარული. ან ერთი ან მეორე ენერგიით დამუხტული გადის
ბავშვი სახლიდან და სკოლაში ან აგრესია მიაქვს, ან
სიყვარული.
მასალის გამოყენების პირობები