მოქალაქეები რამდენიმე თვეა სმს-ების სახით შეტყობინებას
იღებენ საჭიროების შემთხვევაში ძალადობისგან დაცის საკონსულტაციო ცხელ
ხაზზე (116 006 ) დარეკვის თაობაზე.
აღნიშნული ცხელი ხაზის არსებობა ერთ-ერთია იმ ვალდებულებებიდან, რაც
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ აიღო.
2017 წლის 5 აპრილს საქართველომ მოახდინა "ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს
კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება, რომელიც ძალაში 2017
წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.
აღნიშნულ კონვენციას საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ
სპეციალისტები.
"სტამბულის კონვენცია ძალიან მნიშვნელოვანი კონვენციაა, რომელიც ქალთა
და გოგონათა მიმართ ძალადობას ეხება. იგი საუკეთესო სტანდარტი არის,
რომელიც ამ საერთაშორისო კონვენციებში არსებობს", - აღნიშნავს კავშირი
"საფარის" დირექტორი, იურისტი, ბაია პატარაია.
სტამბოლის კონვენციის საფუძველზე მოხდა ცვლილებები 25 საკანონმდებლო
აქტში, საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ
შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მაგალითად, ცვლილებები შევიდა
"ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში, რომლითაც გაფართოვდა
აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო, და იგი უკვე მოიცავს ოჯახის
ფარგლებს გარეთ, ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც.
ამასთან ერთად, ახალი რეგულაციებით, შემაკავებელი და დამცავი
ორდერების გამოყენება შესაძლებელია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის
გამოვლენის ყველა შემთხვევაში და პოლიციის მიერ გამოცემული
შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის აღარაა საჭირო მისი
სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი დანაშაულები, როგორებიცაა,
ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი
სტერილიზაცია და ა.შ.
2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილებით შეიქმნა გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. კომისიის თავმჯდომარის
სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა "ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე" განახლებული სამოქმედო გეგმის
შემუშავებაზე, სადაც დეტალურად განისაზღვრება სამთავრობო უწყებების
მიერ 3 წლის განმავლობაში (2018-2020 წლები) განსახორციელებელი
ღონისძიებები.
სოფო ჯაფარიძის თქმით, საამისოდ ისინი რეგიონებსაც სტუმრობენ.
"რეგიონებში შეხვედრების მიზანია სწორედ ის, რომ, ერთის მხრივ,
ჩვენ მოვისმინოთ ადგილზე საჭიროებები და პრობლემები რომ შემდეგ ეს
საკითხები აქტივობებად გადავთარგმნოთ გეგმაში. მუშაობა იყოს გახსნილი
და მონაწილეობითი. ეს დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების მიერ
შესამუშავებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის და
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებიც
გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნავს სოფიო ჯაფარიძე.
მართალია, სპეციალისტები კონვენციის რატიფიცირებას ერთ-ერთ
მნიშვნელოვან მოვლენად მოიაზრებენ. თუმცა, ხაზს უსვამენ კანონის
იმპლიმენტაციის პრობლემას.
"კარგია „კარგი კანონის“ არსებობა, მაგრამ კანონს იმპლიმენტაცია
ჭირდება. რადგან შეიძლება იყოს კანონი, მაგრამ არ სრულდებოდეს.
ჩვენთან ეს კანონები კი სრულდება, მაგრამ ძალიან ბევრი ხარვეზიც
ახლავს, როდესაც საქმე ეხება ქალთა მიმართ ძალადობას", - ამბობს ბაია
პატარაია.
იგი პრობლემის მიზეზებზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს.
"საზოგადოებამ კარგად არ იცის თავისი უფლებები და ხშირად ვერ იყენებს
იმ უფლებებს რაც კანონით აქვს მინიჭებული. საზოგადოებრივი აზრისა და
სტიგმის გამო ხალხი იკავებს თავს რომ სახელმწიფოსგან რაიმე
ტიპის დახმარება მიიღოს ძალადობის შემთხვევაში. მეორე პრობლემა კი
უკავშირდება პოლიციელებს. იგი განსაკუთრებით იჩენს თავს რეგიონებში.
თუკი დედაქალაქში მეტ-ნაკლებად ისწავლეს კანონებისა დ ა უფლებების
შესახებ. რეგიონებში შედარებით ნაკლებადაა ეს ინფორმაცია. კანონზე
უფრო აქტიურად სტერეოტიპები მუშაობენ", - აღნიშნავს ბაია
პატარაია.
გენდერის სპეციასლიტების მიუთითებენ სტრუქტურულ პრობლემაზე, კერძოდ,
იმას რომ აუცილებელია არსებობდეს შსს-ს სპეციალური დანაყოფი, რომელიც
კონკრეტულად გენდერულ საკითხებზე იმუშავებდა.
"დღეს ეს დანაყოფი არ არსებობს, რაც დიდწილად აფერხებს კანონის
ეფექტურ განხორციელებას", - ამბობს ბაია პატარაია.
მიუხედავად ამისა სახელმწიფო კონკრეტულ შედეგებზე მაინც საუბრობს და
მიუთითებს ციფრებს.
2017 წელს გაიზარდა მიმართვიანობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი -
31 ოქტომბრის მდგომარეობით გამოცემულია 3137 შემაკავებელი ორდერი.
ძალადობისგან დაცის საკონსულტაციო ცხელ ხაზზე ორი თვის მანძლზე 592
ზარი შევიდა. რომელთაგან 498 - ქალმა და 94 - კაცმა განახორციელა.
2017 წლის ივლისიდან ფონდის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის
ფარგლებში უზრუნველყოფილია მომსახურებების მიწოდება სექსუალური
ძალადობის მსხვერპლთათვის;
მასალის გამოყენების პირობები