საზოგადოება
"ყოჩობა" და "ძველბიჭობა" - ქუთაისელი მოზარდები სკოლაში არსებულ ტენდენციებზე
FaceBook
3 დეკემბერს  წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში თანაკლასელმა კლასელი მოკლა.

ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში მიაყენა. მანამდე თბილისში ასევე არასრულწლოვნები არასრულწლოვნებს გაუსწორდნენ. კონფლიქტის შედეგად ორი მოზარდი გარდაიცვალა.
რა ბადებს ძალადობას? როგორ აგვარებენ მოზარდები კონფლიქტებს? ვინ არიან მათთვის ავტორიტეტები?

ჩაგვრაზე, მოზარდებში არსებულ სისასტიკეზე, "მაგარ ბიჭობაზე" და "ქუჩის კანონებზე" ქუთაისიელი მოზარდები საუბრობენ.

ბავშვები "ყოჩობას" და "ძველბიჭობას"განიხილავენ როგორც თავის დამკვიდრების და თავის გამოჩენის საშუალებებს. მათი თქმით, ამ მეთოდს ჯერ კიდევ ბევრი მიმართავს.

15 წლის ლუკა: "თავის გამოჩენის მიზნით ხდება ეს ყველაფერი. ვიღაც ცდილობს ვიღაცაზე მეტი „გაგებული“ იყოს. "ქუჩის გაგება" რომ ქონდეს მეტი. "კაი ბიჭობისკენ" მიმავალ გზაზე „ქურდულ ბაზარში“ გაგებული უნდა იყოს. ეს უპირატესობას ანიჭებს ქუჩაში. თუკი მოუვა კამათი შეუძლია ეს „გაგებულობა“ გამოიყენოს. აირიდოს თავიდან დანაშაულიც. ამოძვრეს სიტუაციიდან. ლაპარაკის დროს ის უკვე გამოჭერაზე გადადის. ერთ სიტყვაზე გამოიჭერს მისგან შეურაცხყოფილს და დაზარალებულს და მიდის მის საწინააღმდეგოდ ვისაც დაუშავა რამე".

ბავშვები საუბრობენ დაჯგუფებებზე, რომელთაც თავიანთი ლიდერი ჰყავს.

17 წლის ანა: "ყველა კლასში არის პატარ-პატარა დაჯგუფებები. ამ დაჯგუფებებში გამოყოფილია "ელიტური" ჯგუფი, რომელსაც ჰყავს თავისი ყოჩი. იმ ჯგუფში ყველა ვერ მოხვდება, მხოლოდ ის, რომელსაც ყოჩი მოიწონებს".

15 წლის მოზარდები საუბრობენ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში  იშვიათად შეიძლება ჩარიონ მშობელი და კიდევ უფრო იშვიათად მასწავლებელი და მანდატური.

15 წლის ერეკლე: ვცდილობთ არ ჩავრიოთ სხვა საქმეში და მოვაგვაროთ ჩვენით."ქუჩური გაგებით" ძალიან ცუდ საქციელად ითვლება, როდესაც მანდატურს და მასწავლებელს ჩარევენ საქმეში. ყველას უნდა შეეძლოს საკუთარ პრობლემებთან თვითონ გამკლავება. არ უნდა ჩარიოს უფროსი. მხდალი საქციელი არის "კარგი ბიჭობის" გადმოსახედიდან. "ჩამშვების" სახელი მიეწებება და მერე ამზე დაუწყებენ ცალკე საქმის გარჩევას“.

ჩხუბის შესახებ მშობლებთან და მასწავლებლებთან ნაკლებად საუბრობს 9 წლის ლუკაც.

"ჩემს კლასში სულ ჩხუბობენ და კინკლაობენ. მაგრამ ყოველთვის არ ვეუბნებით მანდატურს. საერთოდ ჩხუბის ამბავს არ ვამბობ სახლში, თუკი რამე სასწაული არ მოხდა", - ამბობს ლუკა. 

"ჩემს მეგობარს კონფლიქტი ჰქონდა. ჩარია ამ საქმეში უფროსი. ის გარიყეს რატომ ჩაგვიშვიო, რატომ ჩარიე უფროსიო, ეს ჩვენი საქმე იყოო", - ყვება 12 წლის დათო.
სამაგიეროდ 8 წლის ვაჩეს მიაჩნია რომ უფროსს უნდა მოუყვე, როდესაც ვინმე გჩაგრავს.

"საპირფარეშოში შემაშინა ერთმა ბიჭმა. სხვებსაც ასე უკეთებდა მასწავლებელს ვუთხარი, მერე მანდატურიც ჩაერია. ის უფროსი ბიჭი გააფრთხილეს და მეტი აღარ შევუშინებივარ", - ამბობს ვაჩე.
ბავშვები საუბრობენ რომ ე.წ. ჩაშვების მიუღებლობა და დემონიზება ბავშვებში ისევ ძალაშია.

"თუ რაიმე ეწყინებათ და ვინმეს ეუბნებიან, აი, ეს ჩამშვებია და ა.შ. რიყავენ მათი წრიდან, ზურგსუკან დასცინიან და ეს იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე მორალურს... ზოგი იტანს ამ "დამცირებას" და წლების გასვლის შემდეგ ელოდება მომენტს, როდის გადაუხდოს სამაგიეროს, ზოგიც ასეთი "უსუსური" რჩება სულ... და ზუსტად ჩემი ასაკის ბავშვებში რომ ასეთი უბედურებები ხდება,  წინაპირობა ეს ყველაფერია", - აღნიშნავს 16 წლის ბაქარი.

ბავშვები აღნიშნავენ, რომ სკოლაში პოპულარული, ყველაზე აღიარებული და ავტორიტეტული სწორედ ის ბავშვები არიან, რომლებიც წესებს არღვევენ.

"მაგარ ბიჭად ითვლება ვინც სკოლის წესებს არღვევს, ვინც ყველაზე მეტჯერ არის გაკვეთილიდან გამოგდებული, ვინც ხშირად აცდენს სკოლას. კარგმა მოსწავლემ იშვიათად, რომ ასეთი ავტორიტეტი მოიპოვოს. არიან "გაჩითული" გოგონებიც. ბევრი "ფოლოვერი" (მიმდევარი) ვისაც ჰყავს. ბევრი ლაიქი (მოწონება) აქვს. ისინი მანიპულირებას ახდენენ, მათ სწორედ ასეთი "ძველი ბიჭები" მოსწონთ. ამიტომ მარტო ბიჭებს ვერ დავაბრალებთ. ბიჭების დაპირისპირების მიზეზი ზოგჯერ გოგონებიც არიან. მათ სწორედ ის ბიჭი მოსწონს, ვინც "კოჭებს დაუხვრეტს ყველას", - ამბობს 13 წლის მარი.

"ასევე არის ის სტერეოტიპიც, რომ თუ სწავლობ, ქუჩის ბირჟას არ ამაგრებ და შენ თავს ზიანს არ აყენებ "შკოლნიკი" ხარ... თუმცა ეს სტერეოტიპიც მხოლოდ ერთეულებშია შემორჩენილი....", - ამბობს 16 წლის ბაქარი.

ჩაგვრის მიზეზებს ბავშვები მასწავლებლებშიც ხედავენ. მათ ფავორიტიზმში - მოიწონოს ერთი და დაამციროს მეორე.

"პედაგოგებში არის ფავოროტიზმი. ჯგუფში გვყავს "გამორჩეული" მოსწავლეები და მათთან ახდენენ შედარებას. ეს ბადებს იმ მოსწავლის მიმართ დიდ აგრესიას. პედაგოგები, ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ და  უფრო უკეთ უნდა ესმოდეთ ბავშვების ფსიქოლოგია", - ამბობს 14 წლის ლანა.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, ჩვენ სამი სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრეთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.