"საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" მხარდაჭერით,
ქუთაისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების
მნიშვნელობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და
მოლოდინებზე სემინარი გაიმართა.
არასამთავრობო სექტორისა და აქტიური მოქლაქეებისთვის გამართულ
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც
საქართველომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით
მიიღო.
"საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის" დირექტორის
მოადგილის, გიორგი გოგუაძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულება გარკვეულ სირთულეებთან
იქნება დაკავშირებული, თუმცა, ეს არის ცოცხალი პროცესი.
მისივე თქმით, ქვეყანამ უკვე გაიარა რამდენიმე ეტაპი, თუმცა, მთავარი
ჯერ კიდევ წინ არის.
"ეს არის ცოცხალი პროცესი, ერთიანი სისტემა და არის კონკრეტული
გადასალახი პუნქტები. ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ გავიარეთ, არის
სურსათის ეტიკეტირება, თუმცა, ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების
მთვარი ნაწილი ჯერ კიდევ შესასრულებელია. ერთ-ერთი ეს არის
გარემოს დაცვა, სადაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევა აქვს საქართველოს,
როგორც ქვეყანას, რადგან ჩვენთან ჰაერის დაბინძურების
საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ასევე, მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა და სხვა
მნიშვნელოვანი თემები" , - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი გოგუაძემ.
სემინარზე საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას და
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ასევე, მითებსა და რეალობას,
რაც საზოგადოებაში ევროკავშირის შესახებ არსებობს.
შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საზოგადების სწორი ინფორმირება როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატოს
შესახებ. ამაში კი არასამთავრობო სექტორსა და მედიას მნიშვნელოვანი
როლი აკისრია.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა
საქართველოს 2020 წლიდან ელოდება, როცა მან სრულად უნდა დაიწყოს
სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით დაგეგმილი რეფორმების გატარება.
ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა 2029
წლამდეა გაწერილი.
ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი
შეხვედრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონის მასშტაბით იმართება.
შეხვედრებს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო
ცენტრთან ერთად, ორგანიზებას უწევს "აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა".
მასალის გამოყენების პირობები