2018 წლიდან საქართველოში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან
კომპანიებში უსაფრთხოების მენეჯერები იმუშავებენ.
"შრომის უსაფრთხოების შესახებ
კანონის ზოგადი დებულებები" – ასე ქვია
დოკუმენტს, რომელმაც სამუშაოებზე დასაქმებულის შრომის და სიცოცხლის
უფლება უნდა დაიცვას.
მიწისქვეშა სამთო სამუშაოები, საექსპლუატაციო და მშენებარე კარიერები,
ელექტროენერგეტიკული და ა.შ
. დაახლოებით
500-მდე დასახელების სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების
საკითხების, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური
შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების,
დასაქმებულთა სწავლების, კონსულტირებისა და მათი შრომის უსაფრთხოებისა
და ჯანმრთელობის დაცვის საკითხების დარეგულირებისთვის საქართველოს
მთავრობის ინიციატივით, ახალი დოკუმენტის შემუშავება მოხდა.
სამეწარმეო კომპანიებში უსაფრთხოების მენეჯერების შტატის შექმნა
ერთ-ერთი ნაწილია იმ დოკუმენტისა, რომელიც საქართველოს
მთავრობის ინიცირებით პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ის
რამდენიმე პუნქტისგან შედგება და არეგულირებს დამსაქმებელთა და
დასაქმებულთა ურთიერთობას, უსაფრთხოების მოთხოვნებსა და იმ ტექნიკურ
რეგულაციებს, რომლის დაცვაც 2018 წლიდან ყველა კომპანიაში უნდა
მოხდეს. ახალი რეგულაციების მიხედვით, უფლება-მოვალებები ეზრდება
შრომის ინსპექციასაც, რომელსაც უფლება ექნება, კანონდამრღვევი
კომპანიები დააჯარიმოს ან მუშაობის უფლება შეუჩეროს.
დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ სამშენებლო კომპანიების
წარმომადგენლები. მათი თქმით, ყველა კომპანია ვალდებულია დაიცვას
ადამიანის სიცოცხლე, ასევე, ისინი იმ არასასურველ შედეგებსაც
აღნიშნავენ, რასაც არაპროფესიონალის მიერ შესრულებული სამუშაო
იწვევს.
"აუცილებელია ასეთი კანონი, რადგან ყველა კომპანია ვადლებულია
ჯერ ასწავლოს მუშას, პერსონალს და შემდეგ დაავალოს საქმე. შესაძლოა,
ახალი მოთხოვნები კომპანიებისთვის ხარჯებთან იყოს დაკავშირებული,
მაგრამ როდესაც მუშამ არ იცის, თუნდაც ტექნიკის გამოყენება ჯერ იმ
ხელსაწყოს აზიანებს და ,შესაძლოა, თავიც დაიზიანოს", -
ამბობს სამშენებლო კომპანია შპ "დეველოპერ ვესტ გრუპის"
დირექტორი, კახა სანოძე.
"ჩემს კომპანიაში ჯერ ვასწავლით რა ევალება დასაქმებულს და მერე
მუშაობენ. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. რაც შეეხება, ტექნიკურ
აღჭურვილობას, შესაძლოა, კომპანიებს მოუწიოთ თანხის გადახდა და
ტექნიკის გამოცვლა მაგრამ ამის გარეშე საქმე არ გამოდის", -
ამბობს "დიზაინკომპლექსის" დირექტორი, ზურაბ გუბელაძე.
ახალი რეგულაციების მიხედვით, თავის მხრივ, უსაფთხოების მენეჯერი,
რომელსაც დაევალება უსაფთხოების დაცვა, საერთაშორისო მოთხოვნებს
უნდა აკმაყოფილებდნენ. თუმცა, კონკრეტულად რა კრიტერიუმები
იქნება ჯერ განსაზღვრული არ არის.
„ტექნიკის მუშაობა, შიდა თუ გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომების
მიღება, რისკების შეფასება, რომელმაც, შესაძლოა, უბედური შემთხვევა
გამოიწვიოს - ეს უსაფრთხოების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის
ნაწილი იქნება. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებმაც ამაზე უნდა
იზრუნოს საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკამყოფილოს, რომელსაც
ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს თვეებში შეიმუშავებს. მანამდე კი
მოხდება პერსონალის მომზადება“, - განმარტავს
შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, შრომის
ინსპექციის წარმომადგენელი, ბექა ფერაძე.
უწყებაში აცხადებენ, რომ კანონპროექტმა, შესაძლოა გამოიწვიოს
გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დამსაქმებლების მიმართ,
რადგან სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და
მართვის გაუმჯობესება დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების
დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალი და კოლექტიური დაცვის
საშუალებების შეძენასთან, ასევე, შესაბამისი კვალიფიციური კადრების
მომზადებასა და დასაქმებულთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევასთან
დაკავშირებით.
რეგულაციები, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინაროებს,
საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
ავალდებულებს.
მასალის გამოყენების პირობები