საზოგადოება
დევნილები ბინების მოლოდინში - ქუთაისში განსახლების პრობლემები კვლავ აქტუალური რჩება
FaceBook
ქუთაისში, საცხოვრებელი ბინის მიღებას, განაცხადის საფუძველზე, 1667 დევნილი ოჯახი ელოდება.
დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლიდან დღემდე ქუთაისში 3 შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მიმდინარე წელს, დაგეგმილია ე.წ. "დევნილთა ქალაქის" მშენებლობა. ამის მიუხედავად, ქუთაისში დევნილების უმრავლესობა კვლავ საცხოვრებელის გარეშე რჩება.
ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ვეფხია მიქაუტაძე საცხოვრებელი ბინის მიღებას 12 წელია ელოდება. როგორც თავად ამბობს, ბინა, საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ 2006 წელს სასამართლო პროცესის მოგების შემდეგაც ვერ მიიღო.
"სასამართლო პროცესის მოგებიდან 6 წლის შემდეგ, როგორც იქნა სამინისტრომ გამოჰყო საცხოვრებელი ფართი ჩემთვის, ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა იქ უკვე ბინები განაწილებული აღმოჩნდა და ისევ ბინის გარეშე დავრჩი. ბოლოს, როცა ქუჩაში აღმოვჩნდი, დროებით სასტუმრო თბილისში შემასახლეს,"-ამბობს მიქაუტაძე.
ამჯერად, ვეფხია მიქაუტძე, საცხოვრებელი ბინის მიღებას, ქუთაისში, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში ელოდება.
"თუ ახლაც ვერ მივიღე ბინა, საკუთარ თავზე პასუხს ვეღარ ვაგებ, ამიტომ შენობის საზეიმო გახსნასა და ლენტის გაჭრას ნამდვილად აღარ დავაცდი მინისტრს,"- აცხადებს ვეფხია მიქაუტაძე.
ამ დროისთვის, ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე არსებული, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეაბილიტაცია დასრულებულია.
თუ ვინ მიიღებს კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ახალ ბინებს, აღნიშნულ საკითხს, საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს კომისია გადაწყვეტს.
როგორც სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, მურმან აბლოთია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, კომისია მუშაობას მომდევნო კვირის ბოლოს დაასრულებს. მისივე თქმით, პრიორიტეტი იმ დევნილ ოჯახებს მიენიჭება, რომლებიც დანგრევის პირას მყოფ შენობებში ცხოვრობენ.
ქუთაისში კლინიკური სავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც საცხოვრებელი ბინა 109 ოჯახისთვისაა გათვლილი, დევნილებს, 25 თებერვლამდე შეასახლებენ.
ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის გარდა, რეაბილიტაციის პროცესშია ავტომშენებლის ქუჩაზე არსებული ყოფილი ატეესისა და ნიკეას ქუჩაზე არსებული აისის ყოფილი შენობები.
როგორც იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში განმარტავენ, ყოფილი ატეესის შენობაში ბინები 62 ოჯახზე გათვლილი, ხოლო ყოფილი აისის შენობაში 97 დევნილი ოჯახის შესახლებაა განსაზღვრული.
შენობების რეაბილიტაციის დასრულება, მიმდინარე წლის ზაფხულამდე იგეგმება.
მიმდინარე წელს, ქუთაისში, ასევე დაგეგმილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "დევნილთა ქალაქის" მოწყობა, სადაც დევნილებისთვის ოცდახუთი 16 სართულიანი კორპუსი აშენდება და ბინები 2000 ოჯახზე გადანაწილდება.
როგორც დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობაში ამბობენ, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება.
მიუხედავად მიმდინარე, თუ დაგეგმილი სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისა, ქუთაისში დევნილთა განსახლების პრობლემები კვლავ აქტუალური დარჩება.
"მაქსიმუმი კეთდება, მაგრამ ჯერჯერობით სრულად მაინც ვერ მოხდება ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება,"-ამბობენ დევნილთა ადგილობრივ წარმომადგენლობაში.
ქუთაისში სულ 4000 - მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აქედან, 2009 წლიდან დღემდე, ბინები 681 დევნილ ოჯახს გადაეცა.
შესაბამისად, ქუთაისში 3319 დევნილი ოჯახი ისევ საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩება. აქედან 1667 დევნილმა ოჯახმა, მათ მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე, ბინა უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს.

ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.