ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში, სადაც შუალედური არჩევნები
მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება, არჩევნებში მონაწილე სავარაუდო
კანდიდატები უკვე განიხილებიან.
ჯერ-ჯერობით, კანდიდატურა ოფიციალურად მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ"
დაასახელა. 4 თებერვალს გამართული პარტიის ყრილობაზე, მისმა ლიდერმა,
გიგი უგულავამ განაცახადა, რომ ხონისა და ვანის ოლქში მაჟორიტარი
დეპუტატობისთვის თავად იბრძოლებს.
კანდიდატზე შეთანხმებული არიან "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა,
ამბობენ, რომ ოფიციალურად მისი წარდგენა რამდენიმე დღეში
მოხდება.
შუალედურ არჩევნებში ოლქის მაჟორიტარობის სურვილი გამოთქვა მე-8
მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა,
დავით ლორთქიფანიძემ, თუმცა, მმართველი პარტიის პოზიცია მის
კანდიდატურასთან დაკავშირებით უცნობია.
"თავისუფალ საქართველოში" ჯერ არ იციან ეყოლებათ თუ არა საკუთარი
კანდიდატი შუალედურ არჩევნებში. პარტიის იმერეთის ორგანიზაციაში
ამბობენ, რომ , შესაძლოა, რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთ კანდიდატზე
შეთანხმდეს. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პარტია ამის შემდეგ შეარჩევს
კანდიდატს.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ
დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლულიაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ
დაინიშნა.
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი 60
საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში 48 054
ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები