ახალი ამბები
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს, მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს.

სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. პატიმარი ჟურნალისტი პროცესს არ დაესწრება, იგი სხდომაში მონაწილეობას ვიდეოზარის საშუალებით მიიღებს.

დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნას, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გრიგოლ ბესელიას დაკითხვის შესახებ.

გამოცემის "ბათუმელები"/"ნეტგაზეთი" დამფუძნებელი ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის წარწერით: "იფიცება საქართველო" გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 12 იანვარს კი მისი მეორედ დაკავება, უკვე სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო მოხდა.

მზია ამაღლობელი ჯერ ციხის საკანში, შემდეგ კი სამოქალაქო კლინიკაში, ჯამში 38 დღე შიმშილობდა. პატიმარი ჟურნალისტი საპატიმრო დაწესებულებაში 28 თებერვალს დააბრუნეს. 

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაყალბებულია, მისი სისხლის სამართლის საქმეში კი პატიმარი ჟურნალისტის დანაშაული არ იკვეთება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.


ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება




Print