ახალი ამბები
მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლას სთხოვენ
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც მერვე დღეა ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ, დახმარების თხოვნით "ქართული ოცნების" პრეზიდენტს მიმართავენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიხეილ ყაველაშვილისთვის გასაგზავნი წერილის შინაარსი აქციაზე წაიკითხეს.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ჭიათურის მაღაროელები და სრულიად ჭიათურის მოსახლეობა, მოგმართავთ ღრმა შეშფოთებითა და დიდი იმედით. გაცნობებთ, რომ 28 თებერვლიდან ვმართავთ საპროტესტო აქციებს კომპანიის – "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ. აღნიშნულმა კომპანიამ უხეშად დაარღვია კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ განახორციელა შეთანხმებული 60%-იანი დარიცხვა, რაც 3500 დასაქმებულის კეთილდღეობას პირდაპირ უქმნის საფრთხეს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არაკეთილსინდისიერად ეპყრობა როგორც დასაქმებულებს, ისე მთლიანად ჭიათურის მოსახლეობას. მისი უპასუხისმგებლო ქმედებები უკვე მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში გვაგდებს. შედეგად, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვითხოვოთ კომპანიისა და მისი ინვესტორის ქალაქიდან გასვლა და სახელმწიფოს მიერ სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის მართვის კეთილსინდისიერი კონტროლი. ამ და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, გთხოვთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, ჩამობრძანდეთ ჭიათურაში, რათა უშუალოდ გაეცნოთ ჩვენს მძიმე მდგომარეობას.
პატივისცემით, ჭიათურის მაღაროელები და სრულიად ჭიათურის მოსახლეობა", - ნათქვამია წერილში.

მაღაროელების თქმით, წერილი ჭიათურის მერს მიხეილ ყაველაშვილისთვის გადასაცემად ჩააბარეს.

ჭიათურაში მერვე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულებს, რომლებიც ოთხი თვეზე მეტია უმუშევრები არიან, ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც უერთდებიან. მშრომელები უნდობლობას უცხადებენ ჭიათურაში მადნის მომპოვებელ კომპანიას "ჯორჯიან მანგანეზს" და ქალაქიდან მის გასვლას ითხოვენ. 4 მარტს, მაღაროელებმა ექვსპუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს.

მაღაროს ქალაქში პროტესტის მორიგი ტალღა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების გაჩერებას და ხელფასის გადაუხდელობას მოჰყვა. "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროში დასაქმებულებს კომპანიის ფინანსურ კრიზისამდე მიყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მადნის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია. ინვესტორის ეს განცხადება, ბუნდოვანს ხდის მაღაროებში სამუშაო პროცესის აღდგენის პერსპექტივას, რაც ჭიათურელებისთვის მძიმე ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება. თუ მაღაროებში მადნის მოპოვება შეწყდება, 3700-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, რაც თითქმის მთელი ჭიათურის შემოსავლის გარეშე დატოვებას ნიშნავს, რადგან მაღარო ადგილობრივების დასაქმების ერთადერთი საშუალებაა.

ამავე თემაზე:

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი

Print