ახალი ამბები
კონსილიუმის დასკვნა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ
FaceBook
სახალხო დამცველის აპარატი, მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილი ექიმთა ჯგუფის მონიტორინგის შეფასებას აქვეყნებს.

საუბარია, ექიმების მიერ, პატიმარი ჟურნალისტის 7 და 12 თებერვალს მონახულების შედეგებზე. ექიმები ესაუბრნენ კლინიკაში მყოფ მზია ამაღლობელს, კლინიკისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს, გაეცნენ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას.

"2025 წლის 7 თებერვლისთვის, პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე", - წერია მონიტორინგის შედეგებში.

მზია ამაღლობელი, დაკავების მომენტიდან, 35 დღეა შიმშილობს. 4 თებერვლის შემდეგ, იგი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტსაა ჩანიშნული. გუშინ, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, დაუშვებლად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ.

გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


Print