ახალი ამბები
მზია ამაღლობელს დღეს კონსილიუმის წევრები მოინახულებენ
FaceBook
გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელთან მზია ამაღლობელთან დღეს ექიმთა ჯგუფი შევა.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრები, პატიმარ ჟურნალისტს კლინიკა "ვივამედში" მოინახულებენ. მედიკოსები შეაფასებენ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაეცნობიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს .

მზია ამაღლობელი კლინიკაში, შიმშილობის 23-ე დღეს, 4 თებერვალს გადაიყვანეს. მან დაიკლო წონაში, მისი კვლევების შედეგებში არის ცვლილებები. სამედიცინო დაწესებულებაში პატიმარ ჟურნალისტს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა, იგი უარს აცხადებს შიმშილობის შეწყვეტაზე.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 27 დღეა შიმშილობს. იღებს მხოლოდ წყალს.

გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:


"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


Print