ახალი ამბები
მასწავლებლების იმუნიზაციის პროცესი „ფაიზერის სანდოობისა“ და უფლებადამცველი ორგანიზაციის იმედად
FaceBook
იმერეთის რეგიონში 340-ზე მეტი საჯარო სკოლაა. იქ დასაქმებული 8 665 პედაგოგიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, 2021 წლის მარტიდან ივნისამდე, მხოლოდ 465 მასწავლებელი აიცრა.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ,,ფაიზერის“ ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი, აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა ივლისში 750-მდე გაიზარდა. პედაგოგთა უმეტესობა ,,ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ღიად ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანია ,,ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას ენდობა. ამის მიუხედავად, სკოლის აცრილ თანამშრომელთა რაოდენობა იმერეთში კრიტიკულად დაბალი რჩება. ამ ვითარების გამო, შესაძლოა, სასწავლო წელი საკლასო ოთახის ნაცვლად, ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლდეს.
ვაქცინაციის გართულებული პროცესის პარალელურად, არც ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს აქვს სასწავლო პროცესის უსაფრთხოების კონკრეტული გეგმა. მეტიც, შესაბამისი უწყებები მოქმედების ნაცვლად, ზეპირი რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან.

„ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 20 ივლისს.

სექტემბრამდე 28 დღე რჩება. ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში დელტა (ე.წ. ინდური) შტამი მეტად ვრცელდება. განათლებისა და მეცნიერების, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ, მოსწავლეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, რეკომენდაციის სახით, სკოლებს გადააბარა. რა შედეგი გვაქვს დღეს და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის?


ქუთაისში სკოლის მოსწავლეების მშობლები ჰყვებიან, რომ პედაგოგები, მათთან საუბარში, სწავლების ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლებას ვარაუდობენ. 

„მეხუთე ტალღას ველოდებით და, დიდი ალბათობით, სკოლა საკლასო ოთახებში აღარ იქნებაო. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. სამი შვილი მყავს და არანაირად არ მინდა ისევ ზუმ-სკოლა“, - ამბობს ქუთაისის #40-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ვალიდა დვალიშვილი.

„მართალია, მთავრობა იძახის, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოსო, მაგრამ ზუსტად ასე იყო შარშანაც, გვარწმუნებდნენ, სკოლებში დაგაბრუნებთო, მაგრამ ყველას გვახსოვს მთელი წელი ონლაინ რომ გავატარეთ. ალბათ, წელსაც ასე იქნება“, - გვეუბნება კიდევ ერთი განაწყენებული მშობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

,,მაგალითად, ჩემი შვილის მასწავლებლების ნაწილი აცრილია. ნაწილი, ვიცი, კატეგორიულ უარზეა. ეს ამბავი მე თუ ვიცი, მთავრობამ არ იცის? ხომ შეიძლებოდა ეღონათ რამე? ამ სიტუაციას რომ ვუყურებ, იმედი არ მაქვს, რომ ოდესმე ყველა მასწავლებელი აიცრება და სკოლა ოდესმე ისევ იქნება უსაფრთხო ადგილი“, - ამბობს მეხუთეკლასელი ნინის მშობელი, მაკა თევდორაძე.

ქუთაისში 38 საჯარო სკოლაა, სადაც 2 340 თანამშრომელია. ქალაქის საგანმანათლებლო რესურცენტრის მონაცემებით, 20 ივნისისთვის, სკოლებში საერთო ჯამში მხოლოდ 220 მასწავლებელი იყო აცრილი.



სკოლის დირექტორები ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს კონკრეტული ვაქცინის - „ფაიზერის“ ხელმიუწვდომელობით ხსნიან. ისინი ამბობენ, რომ, ივლისის შუა რიცხვებში მწირი რაოდენობით შემოტანილ ვაქცინაზე დარეგისტრირება რეალურად „მოსწრებაზე“ იყო.

„ბევრი პედაგოგი „ფაიზერს“ ელოდა. მეც პირადად ამ ვაქცინით ავიცერი, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიწევს ხშირად გადაადგილება და როგორც იცით, „ფაიზერი“ მეტად აღიარებულია ევროპის ქვეყნებშიც, ვიდრე სხვა ვაქცინები“, - ამბობს ქუთაისის #23-ე საჯარო სკოლის დირექტრის მოადგილე პაატა სამანიშვილი.


პაატა სამანიშვილი

ამავეს ადასტურებენ სხვა სკოლის დირექტორები. მაგალითად, ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში 123 თანამშრომელიდან, 2020 ივნისის მონაცემებით, მხოლოდ 14 პედაგოგი იყო აცრილი. მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო ბაზაში ,,ფაიზერი“ ხელმიაწვდომი გახდა, აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

ბევრი „ფაზიერს“ ელოდა და ასევე, ბოლო პერიოდში შეცვლილია ზოგადად აცრის მიმართ საერთო მიდგომაც“, - გვიხსნის ქუთაისის #1 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკანი.

“ქუთაისიპოსტმა“ მოიკვლია, რომ თუ ივნისში ქუთაისის ხუთ საჯარო სკოლაში (#1, #3, #23, #29, #45) ჯამში 16 პედაგოგი იყო აცრილი, 3 აგვისტოს მონაცემებით, ეს რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. თუმცა, 57 აცრილი მასწავლებელი 404-დან მაინც პრობლემაზე მიანიშნებს. 




პედაგოგებში აცრის დაბალ მაჩვენებლს ვაქცინაციის პირველ ეტაპზე (2020 წლის 15 მარტი) კონკრეტული ასკობრივი ჯგუფების დაშვებით ხსნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

„ჯანდაცვის სამინისტროდან პედაგოგების მიმართ იყო ასეთი მოთხოვნა, რომ უნდა აცრილიყვნენ 55 წლის ზემოთ ასაკის პედაგოგები. ქუთაისში 1 000-მდე გვყავდა ასეთი ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელი. მსურველი, პირველ ეტაპზე, ბევრი იყო, მაგრამ ზოგს ვირუსი დაუდგინდა, ზოგს რაღაც დაავადება აღმოაჩნდა, ზოგი სხვა ვაქცინას დაელოდა და ა.შ. ამიტომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე უფრო მეტი პედაგოგის ვაქცინაცია. გვინდა მაქსიმალურად გავაკეთოთ მობილიზება, რომ სექტემბრამდე ჩვენი სისტემა რაც შეიძლება სრულად, ყველანაირად იყოს აღჭურვილი, რომ სასწავლო პროცესისთვის მზაობა იყოს მაქსიმალურად გამართული. მოლოდინი გვაქვს, რომ დავიწყებთ საკლასო ოთახებში სწავლებას“, - ამბობს ცქიტიშვილი.

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ქუთაისი ერთდაერთი არ არის, სადაც პედაგოგების აცრის დაბალი მაჩვენებელია. 

რიტა ქურასბედიანი წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგია. აცნობიერებს, რომ პანდემიისას სკოლაში სწავლების საწინდარი ვაქცინაციაა, თუმცა თავად რეგისტრაცია ამ დრომდე არ უცდია.

,,ველოდებოდი, რამდენად დაიწყებოდა სკოლებში მასობრივი ვაქცინაცია. ასევე, მინდოდა „ფაიზერით“ ავცრილიყავი. როგორც მითხრეს, ამ პროცესში სკოლის დირექციაც არის ჩართული“,
- ამბობს რიტა, რომლის მსგავსადაც წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის 60 მასწავლებლიდან არცერთია აცრილი.

რიტა ფიზკულტურის მასწავლებელია. იხსენებს, რომ სწორედ მისი გაკვეთილის ჩატარება იყო ყველაზე რთული ონლაინ სწავლების დროს.

„შეუძლებელია იმ ხარისხით ასწავლო და გააგებინო ბავშვს, როგორც (ეს) ცოცხალი ურთიერთობის დროს (არის შესაძლებელი), მით უმეტეს, ფიზკულტურა. ვეძებდი სპორტზე ინფორმაციას და ვცდილობდი ამით დამეინტერესებინა ბავშვები. თუმცა, წყინდებოდათ ვარჯიშის ნაცვლად მოსმენა. ამიტომაც უნდა ავიცრათ. მაგალითად, ჩემს სკოლაში ყველა გამოთქვამდა აცრის გაკეთების სურვილს და იმედი მაქვს, 15 სექტემბრამდე, ანუ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველანი ვიქნებით აცრილები“.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 39 საჯარო სკოლა და 860 პედაგოგია. უკვე რამდენი მასწავლებელია აცრილი, ამ ინფორმაციას მუნიპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ ფლობენ.

„ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ინდივიდუალურად ხდება და არ ვიცი, თუ ვინ დარეგისტრირდა, ან რამდენი მასწავლებელი აიცრა“, - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა.

ჩხეტიანისგან განსხვავებით, სხვა მუნიციპალიტეტების რესურსცენტრის ხელმძღვანელები გვეუბნებიან, რომ განათლების სამინისტროსგან მიიღეს დავალება, პედაგოგებს აქტიურად დახმარებოდნენ, მათ შორის აცრაზე რეგისტრაციის პროცესში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვანო ჟორჟოლიანი გვიყვება, რომ აცრაზე ხუთი პედაგოგი თავად დაარეგისტრირა.

„აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში. პედაგოგებმა მთხოვეს, რომ დავხმარებოდით და ხუთი მასწავლებელი რესურსცენტრში დავარეგიტრირეთ. ძალიან გვინდა სწავლება სკოლებში დაიწყოს“.

ვანო ჟორჟოლიანიც ადასტურებს, რომ პედაგოგების უმეტესობა „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდა. სწორედ ამ მიზეზით არ დარეგისტრირდნენ ამ დრომდე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრში მხოლოდ ივნისის მონაცემები აქვთ, რომლის მიხედვითაც აცრაზე 50-მდე მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლაში 700-მდე პედაგოგია. უწყებაში ინფორმაციას აცრილთა რაოდენობის შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში განაახლებენ.

მართალია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები მზად არიან პედაგოგებს დაეხმარონ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ კუპატაძემ გვითხრა, რომ მას არ აინტერესებს, რამდენი პედაგოგია აცრილი მის საკურატორო საჯარო სკოლებში.

„რატომ უნდა ვიცოდე რამდენი პედაგოგია ზესტაფონის მუნციპალიტეტში, ან რამდენი აიცრა? ეს ხომ ნებაყოფლობითია და რატომ უნდა ვკითხო აიცერი თუ არა-თქო?“, - გვეუბნება კუპატაძე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 33 საჯარო სკოლაა. რამდენი პედაგოგი ასწავლის იქ, რესურსცენტრიდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

სკოლებისა და პედაგოგების რაოდენობაზე ინფორმაცია არც ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მოგვაწოდა. არ გვიპასუხეს კითხვაზე, თუ რამდენი მასწავლებელია მათთან აცრილი.

პედაგოგების ვაქცინაციის პოლიტიკა

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 15 მარტს დაიწყო. მთავრობის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველი ეტაპი სამედიცინო პერსონალისთვის იყო განკუთვნილი.

პედაგოგთა აცრა მოგვიანებით, 20 აპრილს დაიწყო, როცა ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვეს.

მასწავლებლების აცრას მაშინ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებიც დაესწრნენ. პედაგოგებს ვაქცინა საზოგადოებისათვის ცნობილმა ექიმებმა გაუკეთეს. ამის მიუხედავად, როგორც ვნახეთ, იმერეთში  მიმდინარე წლის მარტიდან  3 აგვისტოს მონაცმებით 8 665 მასწავლებლიდან მხოლოდ 6 %-ია აცრილი.

„უფრო ადრე რომ ყოფილიყო „ფაიზერი“ ხელმისაწვდომი მეც ადრე გავიკეთებდი აცრას. ალბათ, ასე არიან სხვა პედაგოგებიც“, - ამბობს #23-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე პაატა სამანიშვილი.

რას გეგმავენ იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად, სკოლის დაწყებამდე 28 დღით ადრე, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები?

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ყველა მსურველს შეუძლია დარგისტრირება, მათ შორის, პედაგოგებსაც. რაც შეეხება მიზნობრივად მასწავლებლების იმუნიზაციას, ან რაიმე ტიპის სტრატეგიას, რომელიც ამ პროცესს გაააქტიურებდა, დაგეგმილი არ აქვთ.

„რამდენიმე კამპანია გვქონდა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პედაგოგების ჯგუფები აცრეს ცნობილმა ექიმებმა. გარდა ამისა, სკოლების ადმინისტრაციებს დაევალათ, რომ პედაგოგებს, რომლებიც ტექნიკურად ვერ შეძლებენ ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას, ამაში ადმინისტრაციის თანამშრომლები დაეხმარონ“, - განგვიმარტეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

საქართველოს სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 2020 წლის მარტის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე მოქმედებდა შერეული სწავლება, რომლის ფარგლებშიც მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად აერჩიათ, მათ შვილებს უნდა ესწავლათ დისტანციურად, თუ საკლასო ოთახში.

რას ფიქრობენ ბავშვთა უფლებების დამცველები

გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) შიშობენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გრძელვადიანმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ბავშვების განათლების ხარისხზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედოს. UNICEF–ის სპეციალისტები აცხადებენ, რომ სკოლებში სწავლა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უნდა დაიწყოს.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ბავშვები სკოლების მორიგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებენ.

„არ იგულისხმება მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ აქ იგულისხმება სოციალური საჭირობები, რაც ბავშვებს სჭირდებათ. ფიზიკური აქტივობა, თანატოლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შედეგად ისინი ინვითარებენ სოციალურ უნარ-ჩვევებს. მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიკეტოს და ყველაზე პირველი უნდა გაიხსნას“, - ამბობს ქურციკიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგნელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტრტული უნდა იყოს პედაგოგების ვაქცინაცია. ეს განაპირობებს საკლასო ოთახებში სწავლების მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, მთავრობისგან განსხვავებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას. ორგანიზაცია ცდილობს ვაქცინებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები კომპეტენტურ პირებს გააცემინოს და მითებიც მათვე გააქარწყლებინოს.

„აჭარაში ჩავიყვანეთ ცნობადი ექიმები, როგორიცაა ბიძინა კულუმბეგოვი, ხათუნა ზახარაშვილი და სხვები. მაგალითად, ხულოში რომ იყო 30 მასწავლებელი აცრილი, ჩვენი შეხვედრის შემდეგ 100 მივიდა. ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან შველის. მასწავლებლებთან აგვისტოშიც გვაქვს აქტიური შეხვედრები დაგეგმილი“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს არ მიაჩნია საჭიროდ არავითარი აქტივობა, მათ შორის არც პედაგოგებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანიის გამართვა.
გამოდის, რომ დარჩენილ ერთ თვეში მასწავლებლების უმრავლესობის დარწმუნებას იმუნიზაციის აუცილებლობაში მხოლოდ ერთი, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია შეეცდება. დამხმარე ძალად კი მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა გამოიკვეთა, რომელიც შედარებით მეტი სანდოობით სარგებლობს პედაგოგებს შორის.

ამასობაში, კორონავირუსის ახალი, ბავშვებისთვის მეტად საშიში დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მოსწავლეების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მათთან კონტაქტში მყოფი უფროსების აცრაა.

იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, 426 000 ადამიანი უნდა იყოს სრულად აცრილი. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 165 084 მოქალაქე, ერთჯერადად აცრილია 359 382  ადამიანი.

სექტემბრამდე 28 დღე რჩება. აცრის ორ დოზას შორის მინიმალური დაშორება 21 დღეა. თუ უახლოეს ორ კვირაში მასწავლებლების იმუნიზაციის პროცესი მასობრივ ხასიათს არ მიიღებს, ბავშვების უსაფრთხოება სკოლებში დაცული ვერ იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.