"სახლი თავზე გვენგრევა"- კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიულ სახლში მცხოვრები დახმარებას ითხოვს
17:06 / 21.01.2025
75 წლის რევაზ სანიკიძე მეოთხე წელია, ავარიულ შენობაში
ცხოვრობს.
საუბარია ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე,
რომელიც 2021 წლის ოქტომბერში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად
ჩამოინგრა.
რევაზ სანიკიძე გვიყვება, რომ მას შემდეგ ობიექტიდან სამშენებლო
მასალები პერიოდულად ცვივა. მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინ, 20
იანვრის საღამოსაც, როცა მეორე სართულიდან კედელი ჩამოიშალა.
"სახლში ვიყავით, უცებ გავიგეთ ხმა - ჩამოინგრა კედელი. ჩემი შვილი იმ
წუთის შემოსული იყო შინ, შემოასწრო, თორემ, ალბათ, შეიწირავდა",
- გვიყვება რევაზ სანიკიძე.
გაპონოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან შენობაში, ამჟამად, ორი ოჯახი
ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ნგრევადი ობიექტის გამო, საფრთხე არა
მხოლოდ მათ ექმნებათ, არამედ ამ ქუჩაზე ნებისმიერ გამვლელსაც.
"მეტრ-ნახევარი აქვს ამ ტროტუარს სიგანე, ამიტომ იძულებულია ადამიანი
შენობის კედელთან გაიაროს, ეს კედელი კი წარმოადგენს საფრთხეს, ცვივა
ქვები",- ამბობს რევაზ სანიკიძე.
კერძო სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს ატარებს, რის
გამოც, მას უფლება არ აქვს ობიექტი შეაკეთოს, საკითხით კი სააგენტო
უკვე წლებია, არც ინტერესდება.
"დღეს დილით მუნიციპალიტეტიდან იყვნენ მოსულები, ნახეს, მწუხარება
გამოხატეს და წავიდნენ, მათ რა შეუძლიათ? ეს არის კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლი და სააგენტომ უნდა მიხედოს. მივმართე არაერთხელ,
მაგრამ ეს საქმე დღემდე ჭიანურდება", - განმარტავს რევაზ
სანიკიძე.
საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნულ სააგენტოს
წერილით მივმართეთ და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სტატუსის მქონე ნგრევადი შენობების
მეპატრონეებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეკეთების უფლებასაც
არ აძლევს და არც თავად იღებს პასუხისმგებლობას, ავარიული შენობები
გაამაგროს.
მასალის გამოყენების პირობები