"სანამ სახელფასო დავალიანებას არ გაგვისწორებენ, გაფიცულები ვიქნებით"- რა ხდება კოსტავას ქუჩაზე
14:53 / 14.01.2025
მუშები, რომლებიც ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, საკანალიზაციო არხის
მოწყობის სამუშაოებს ასრულებდნენ, გაიფიცნენ.
გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანია "თიდი
კონსტრაქშენისგან" რამდენიმე თვეა, გაწეული შრომის ანაზღაურება
არ მიუღიათ.
მუშები განმარტავენ, რომ სანამ კუთვნილ ხელფასებს არ დაურიცხავენ,
მუშაობას არ გააგრძელებენ. შესაბამისად, შეფერხდება გზის
ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
"არიან თანაშრომლები, რომლებსაც კუთვნილი ანაზღაურება სექტემბრის მერე
არ აუღიათ.
კომპანია გვეუბნება, დაამთავრეთ ბარემ სამუშაოები
და მერე გადაგიხდით სრულადო, მაგრამ უკვე აღარ გვჯერა.
სანამ სახელფასო დავალიანებას არ გაგვისწორებენ, გაფიცულები ვიქნებით.
ჩვენ ვასრულებთ მიწისქვეშა სამუშაოებს და სანამ
კანალიზაციის სისტემა არ მოწესრიგდება, მანამდე,
თავისთავად, ვერც გზა დაიგება",- ამბობს
გიორგი გუბელიძე.
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დაიწყო. ქუჩის
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ჯეო კონსტრაქშენი"
ახორციელებს, მიწიქვეშა კომუნიკაციების მოწყობას კი "თიდი
კონსტრაქშენი". მუშების ბრალდებებთან დაკავშირებით,
მათთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო
ზარებს არ პასუხობენ.
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის დაკვეთით ხორციელდება და
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 198 774 ლარია.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზას, რომლის
სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია ქუჩის მიმდებარე
ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები,
ბორდიურები და სანიაღვრე არხი.
მასალის გამოყენების პირობები