მედიკოსები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - აქცია ქუთაისში
20:46 / 10.12.2024
"ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ეს გვინდა დავაფიქსიროთ და ასევე,
ვუთხრათ მთავრობას, რომ დაუშვებელია ის ძალადობა, რომელიც აქციის
მონაწილეების მიმართ ხორციელდება",- ამბობენ მედიკოსები, რომლებიც
ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, ქუჩაში, თეთრი ხალათებით,
გამოვიდნენ.
სხვადასხვა კლინიკაში მომუშავე, ათობით ექიმი, მსვლელობით, ქუთაისის
მერიასთან მივიდა და იქ გამართულ პროევროპულ აქციას შეუერთდა.
მედიკოსებმა, რომლებიც ქვეყანაში, ხელისუფლების მიერ დაწყებულ ტერორს
გმობენ, მერიასთან ბანერები, შემდეგი წარწერით მიიტანეს: "ექიმები
ძალადობის წინააღმდეგ", "არ ავნო", "ხელი გაუშვი, ჩვენი შვილია".
მათ აქციებისას დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობა
გამოუცხადეს.
ქუთაისში მოღვაწე ექიმები ამბობენ, რომ ქუჩაში სწორედ ამ უკანონოდ
დაკავებული ახალგაზრდების გამო გამოვიდნენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის
მომავალი არიან. ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე
დააბრუნონ.
"აქ გამომიყვანა ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, გამომიყვანა 500-მა
უკანონოდ დაკავებულმა ახალგაზრდამ, რომლებიც სასწრაფოდ უნდა
გაათავისუფლონ. ასევე, გამომიყვანა ძალიან მარტივმა არჩევანმა, რომ
ჩვენი გზა და ხსნა მხოლოდ ევროპაშია",- ამბობს ექიმი მაია რუხაძე.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები, საქართველოს მასშტაბით, უკვე
მე-13 დღეა იმართება.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28
ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ
გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს
ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის
პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ. ამიტომ ითხოვენ
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო
აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები