"გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში"- წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია
17:44 / 02.12.2024
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
მათ “ქართული ოცნების” მიერ საგარეო კურსის ცვლილება გააპროტესტეს და
განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთის
ნაწილი.
სტუდენტების თქმით, ვერ დაუშვებენ, რომ უნივერსიტეტს, რომელიც უნდა
იყოს განათლებისა და პროგრესის სიმბოლო, არ ჰქონდეს მკაფიო პოზიცია
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"ვუუერთდებით პროტესტს, რომელიც მიმართულია ბრძოლის, თავისუფლებისა და
დემოკრატიის დასაცავად. ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ ლექტორებს,
საჯარო მოხელეებს, ჯერ კიდევ ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს,
დაგვიდგნენ გვერდით",- აცხადებენ ქუთაისელი სტუდენტები.
აქციაზე გამოსვლამდე, უნივერსიტეტის სტუდენტებმა განცხადებაც
გაავრცელეს, რომელსაც ხელს, ამ დროისთვის, 700-მდე
პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი აწერს. განცხადებაში აღნიშნულია,
რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ გადაწყვეტილებას
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან
დაკავშირებით.
საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო,
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე
მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას
ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
მასალის გამოყენების პირობები