ვიდეო
რა იცვლება საარჩევნო უბნებზე და როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული წესით (ვიდეო-ინსტრუქცია)
FaceBook
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით პირველად ტარდება.

რაც იმას ნიშნავს, რომ ხმების დასათვლელად ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. ამასთან, ნაცვლად სიებისა, საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატის დახმარებით მოიძებნება.

იცვლება ამომრჩევლის ქცევაც. კერძოდ, იმისთვის, რომ აპარატმა თქვენი ხმა დაითვალოს და ბიულეტენი არ გაგინულდეთ, სასურველი საარჩევნო სუბიექტი, შემოხაზვის ნაცვლად, უნდა გააფერადოთ.

ასევე, ბიულეტენს, ახლა უკვე ჩარჩო კონვერტში ჩადებულს, ათავსებთ ე.წ პიკოსის აპარატში და არა საარჩევნო ყუთში.

ქუთაისის №59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებას კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს.

"ეს აპარატები ძალიან სწრაფად, ყოველგვარი ადამიანური შეცდომის გამორიცხვით, ძებნიან ჩვენს ამომრჩეველს, ასევე ითვლიან ხმებს და ანაწილებენ სუბიექტების მიხედვით. ანუ, პიკოსის აპარტიდან ამოიბეჭდება ქვითარი, რომელზეც წერია წინასწარი შედეგები: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ბიულეტენია ჩაშვებული ყუთებში, აქედან რამდენია ნამდვილი, რამდენი - ბათილი და როგორ გადანაწილდა სუბიექტებს შორის ხმები. შესაბამისად, ეს არა მარტო გამარტივებაა პროცესის, არამედ აქ გამორიცხულია ყოველგვარი ადამიანური შეცდომა და მაქსიმალურად ზუსტად, გამჭვირვალედ და სწრაფად ვემსახურებით ამომრჩეველს",- განმარტავს ლარინა ლალიაშვილი.

რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, მისი თქმით, მას შემდეგ რაც ის შედგება და 17-ვე კომისიის წევრი მოაწერს ხელს, გადაუღებენ სურათს და შესაბამისი დაცული სერვერით გაიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ოქმი უკვე გასაჯაროვებულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს.

როგორ უნდა მივცეთ არჩევნებზე ხმა ელექტრონული წესით, ვრცელი ვიდეო-ინსტრუქცია ნახეთ ვიდეოში:


Print