„მინდა საგანგაშო სიგნალი იყოს" - ქუთაისის დემოკრატიის სკოლა დაიხურა
13:22 / 02.10.2024
ქუთაისის დემოკრატიის სკოლა, რომელიც ქალაქში ახალგაზრდა
დემოკრატების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სივრცე იყო,
არსებობიდან მე-12 წელს, ფუნქციონირებას წყვეტს.
მიზეზი, თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ
მიღებული "რუსული კანონი" გახდა, რის გამოც, EECMD-მა (აღმოსავლეთ
ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის) დემოკრატიის სკოლები
ხუთივე ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა და, მათ შორის,
ქუთაისშიც დახურა.
ორგანიზაცია, რომელიც მსხვილი საერთაშორისო დონორების დახმარებით,
დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების მიზნით, ფინანსდებოდა, ე.წ.
აგენტების შესახებ რეესტრში არ დარეგისტრირდა.
"რუსული კანონის ამოქმედებამ პირდაპირ შეგვიშალა ხელი, ვინაიდან არ
დავრეგისტრირდით აგენტების რეესტრში. შესაბამისად, იძულებულები ვართ,
დროებით შევაჩეროთ სკოლის ფუნქციონირება, იმ იმედით, რომ 26 ოქტომბრის
არჩევნებზე საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში
ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს.
დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც ერთმნიშვნელოვნად იქნა ნათქვამი, რომ
თუ ქვეყანას არ სჭირდება ეს მხარდაჭერა და ჩვენ აქ მარგინალურ ჯგუფად,
აგენტებად უნდა გამოგვაცხადონ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, მათ
არ უნდათ ამ ქვეყანაში შესაბამისი დახმარების განხორციელება და
მოძებნიან სხვა ქვეყანას, სადაც სჭირდებათ დემოკრატია და სამოქალაქო
საზოგადოების გაძლიერება",- განმარტავს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის
კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე.
სკოლას ქუთაისში 200-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. მათე ჩაფიჩაძის
თქმით, არაფორმალური განათლების ტრენინგ-კურსების, საჯარო
შეხვედრების, დისკუსიების, ბანაკებისა და სხვადასხვა აქტივობის
მეშვეობით, ამ სივრცეში ახალგაზრდებს ხელს უწყობდნენ მსოფლმხედველობა
გაეფართოვებინათ. შესაბამისად, მათე მიიჩნევს, რომ დემოკრატიის სკოლის
დახურვით, ქუთაისმა შესაძლებლობა დაკარგა, ახალგაზრდები მეტად
დაინტერესდნენ საზოგადოებრივი აქტიურობით. ამასთან, მისივე შეფასებით,
დაზარალდა სამოქალაქო სექტორი, რომლის მარგინალიზაციასაც ხელისუფლება
ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდილობს.
„ამ სივრცეში საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერი, რამდენჯერმე
მყავდა დაპატიჟებული. გაიმართა დისკუსიები, თუ როგორ უნდა ყოფილიყო
ჩვენი ქალაქი უკეთესად მოწყობილი, განვითარებული, ასეთი ტიპის
აქტივობები ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ, რასაც რუსული კანონის
ამოქმედების შემდგომ ვუყურებთ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეიცვალა. უკვე
აღარავინ მალავს, რომ დავადექით დიქტატურის გზას, რომელიც არის რუსული
საქმე ამ ქვეყანაში. რეალური მაგალითი გვაქვს აქვე, ჩრდილოეთში, რაც
მოხდა. იგივენაირად ხდება ჩვენთანაც: სამოქალაქო საზოგადოების,
მსგავსი ორგანიზაციების დასუსტება და შემდგომ, პრაქტიკულად,
თვითლიკვიდაცია. ანუ, ამ კანონის მთავარი მიზანი რეალურად არის ის,
რომ ვინც ხმამაღლა საუბრობდა რაღაც საკითხებზე, წინ წამოწევდა
პრობლემებს, უნდა დასუსტდეს",- ამბობს მათე ჩაფიჩაძე.
მას სურს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის დახურვა საზოგადოების
გამოღვიძებისთვის საგანგაშო სიგნალი იყო, რადგან მიიჩნევს, რომ
"არაფორმალური განათლების სივრცეების გაქრობით (სადაც ყველა
პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანი იკრიბებოდა და საერთო
მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდა), ქვეყანაში დიქტატურა მყარდება.
ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, შესაბამისად, დემოკრატია აღარავის
სჭირდება. ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს".
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
2017 წელს დაარსდა. მისი მიზანია განავითაროს პოლიტიკური აქტორების
შესაძლებლობები, გააუმჯობესოს პოლიტიკური და საარჩევნო გარემო და
გააძლიეროს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა. ორგანიზაციის
დემოკრატიის სკოლებმა კი ფუნქციონირება 2012 წლიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები