„შევეცადე, ევროპული მიდგომები ჩემს მოსწავლეებთან დამენერგა“ - პედაგოგი, ევროპული გამოცდილებით
15:05 / 21.08.2024
„ევროპა ჩემთვის არის თავისუფლება, დემოკრატია, გამოწვევებისა და
სიახლეების მომცემი,“ - გვიყვება ნათია კილაძე, რომელიც, სწორედ ამ
სიახლეების მიღებისა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის
მიზნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს.
ის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის აღმასრულებელი
დირექტორი, ამავე სკოლასა და თამარ მეფის სახ. გეგუთის #1 საჯარო
სკოლაში გერმანული ენის მენტორ-მასწავლებელი, ზოგადი განათლების
ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი და საჯარო მმართველობის
დოქტორია.
„როდესაც საგანმანათლებლო სისტემა მუდმივად ვითარდება,
მნიშვნელოვანია, პედაგოგმა თავის პროფესიულ საქმიანობაში დიდი როლი
დაუთმოს პროფესიულ განვითარებას, რაც სასწავლო პროცესის ხარისხის
ამაღლებაზე აისახება,” - ამბობს ნათია კილაძე, რომელიც ევროპის 5
ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ,
საქართველოში დაბრუნებულმა დემოკრატიისა და კიდევ სხვა ფუნდამენტური
საკითხების თემატიკაზე პროექტი განახორციელა, რომელშიც სკოლის
მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ.
თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, მხარდამჭერი სასწავლო გარემო,
მეტი თავისუფლება, დემოკრატია, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის
უშუალო ურთიერთობები - ესაა ის მთავარი ნიშა, რაც ნათია კილაძემ
ევროპის ქვეყნების განათლების სისტემაში დაინახა.
პედაგოგი გვიყვება, რომ შეეცადა, ის მეთოდები და მიდგომები, რაც
ევროპაშია, მის მოსწავლეებთანაც დაენერგა. ამ მიზნით, ბავშვებს უცხო
ენის შესწავლა თამაშისა და სიმღერის მეთოდებით დააწყებინა, რამაც
გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და საგნის მიმართ დაინტერესება. ასევე,
განუვითარა მათ თავისუფლად აზროვნების უნარი.
ნათია კილაძის თქმით, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და
თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით, ქართულ-ამერიკული სკოლა
"პროგრესი", პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, გაცვლით პროგრამებს
გერმანიაში, პოლონეთში, ინგლისში, იტალიაში, ბუდაპეშტში, უკრაინასა და
სხვა ქვეყნებში, 2010 წლიდან ახორციელებს.
მიმდინარე წელს, სკოლის 15 პედაგოგი და 15 მოსწავლე ბოხუმის
უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც სტაჟირებებს გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები