"ევროპა მრავალფეროვნებაა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია“- სტუდენტი, 13 ქვეყანაში მიღებული გამოცდილებით
15:15 / 16.08.2024
19 წლის ასაკში, ევროპის 13 ქვეყანას, სასწავლო ვიზიტით, უკვე
ესტუმრა.
ესპანეთი, ავსტრია, ლატვია, ჩეხეთი, სერბეთი, ესტონეთი, რუმინეთი,
თურქეთი, გერმანია და სხვა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც
მარიამ ჟორჟოლიანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+
პროგრამების მეშვეობით, სხვადასხვა თემაზე, ტრენინგ კურსები
გაიარა.
პირველად, რუმინეთს, 17 წლის ასაკში სტუმრობდა. თუმცა, გვიყვება, რომ
სანამ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, მოხალისეობას ეწეოდა - სხვადასხვა
ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდებოდა და მათთან ერთად პროგრამებს
ახორციელებდა. სწორედ ამან გაუჩინა სურვილი, გაცვლითი პროგრამებით
თავადაც ესარგებლა.
მარიამი ამბობს, რომ ევროპა მრავალფეროვნებაა, სადაც ადამიანის
სურვილები არის გათვალისწინებული და მათი უფლებები დაცული. მისი
თქმით, ევროპის ქვეყნებში მიღებული ცოდნა პიროვნულ განვითარებაში
დაეხმარა. ამასთან, მოტივაცია მისცა, საკუთარი თანატოლების
განვითარებაზეც ეზრუნა. სწორედ ამიტომ, "ახალგაზრდა ევროპელი ელჩების
ინიციატივის" წევრი გახდა და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს იმ
შესაძლებლობებს უზიარებდა, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს.
მარიამი, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო
დიზაინის სკოლაში სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტურ
ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული, თანატოლებისთვის ევროპული
შესაძლებლობების გაზიარებას ახლა უკვე დედაქალაქში აგრძელებს, რადგან
თვლის, რომ საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებასა და ევროპულ სიკეთეებზე
ახალგაზრდების ინფორმირება და ცოდნის გაზიარება
უმნიშვნელოვანესია.
ერაზმუს+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს
პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის
მიმართულებით. Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება,
ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრენინგები და
ახალგაზრდებთან მუშაობა.
2021-2027 წლებში პროგრამის ბიუჯეტი €26 მილიარდი ევროთი
განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები