ავტობუსი-მაღაზია - სახეცვლილი იდეა დონორების მხარდაჭერით
17:21 / 31.07.2024
მწვანე კუნძულები და საზაფხულო კინოთეატრი - რეჟისორ ლევან
ბიბილეიშვილის ორი განუხორციელებელი იდეა გახლდათ. არადა ამ იდეებმა
ქუთაისის მერიის პროგრამა ,,მონაწილეობითი ბიუჯეტირების "
ფარგლებში, სლოგანით "იდეა ქუთაისისთვის", გამოცხადებულ კონკურსში
გაიმარჯვეს.
სამაგიეროდ ამ იდეებს შეიძლება ხორცი
შეესხას უცხოური დონორების მხარდაჭერით, ლევანის პროექტს ამის
პერსპექტივა გამოუჩნდა. ოღონდ, იდეა ფორმას შეიცვლის და საზაფხულო
ავტობუსი-კინოთეატრის ნაცვლად, შეიძლება მალე ქუთაისში სოციალური
საწარმოს ავტობუსი-მაღაზია გაჩნდეს.
სოციალური საწარმო ორგანიზაცია "რუბიკონის" ბაზაზე დაფუძნდა. მასში
ყოფილი ნარკოდამოკიდებული პირები და მეტადონის პროგრამაში
ჩართული ბენეფიციარები მონაწილეობენ. სწორედ მათ მიერ დამზადებული
სამკაულები, ავეჯი, ჭურჭელი თუ სხვა ნივთები უნდა გაიყიდოს ამ მოძრავ
მაღაზიაში.
"უცხოურმა დონორებმა აღგვჭურვეს ყველა იმ ინსტრუმენტით რაც საწარმოს
სჭირდება, რომ არა ისინი, ბანკიდან მოგვიწევდა ვალების აღება და რომც
მოეცა სესხი ბანკს, მერე მათი გასტუმრება იქნებოდა პრობლემა. ყველა ამ
უხერხულობას აგვაცილეს დონორებმა და დაგვაფინანსეს საწარმოსთვის
საჭირო ინვენტარის შესაძენად, "- ამბობს ლევან
ბიბილეიშვილი.
იგი მიუთითებს უცხოელი დონორების დიდ როლზე სხვადასხვა
მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერაში. რაც ადგილობრივი საბიუჯეტო თუ
ბიზნესწრეებიდან ვერ მიიღეს.
თუმცა რეჟისორი იმასაც აღნიშნავს, რომ კანონმა "უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" იგივე "რუსულმა კანონმა"
შესაძლებელია ამ იდეის განხორციელებაც შეაფერხოს.
მასალის გამოყენების პირობები