ელექტრომობილების და ელექტრობატარეების ქარხანა - "ოცნების" დაპირებული და არაშენებული საწარმოები ქუთაისში
16:22 / 28.09.2024
დანგრეული ნაგებობის საძირკველი, სამშენებლო პროცესის ნარჩენები,
მიტოვებული და საძოვრად გადაქცეული ტერიტორია - ასეთი ვითარებაა დღეს
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც „ოცნება“ადგილობრივებს ორი
საწარმოს გახსნას და ეკონომიკურ აყვავებას ჰპირდებოდა.
ელექტრომობილების ქარხნის აშენება ავტოქარხანაში - მთავრობის მიერ
დაანონსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გახლდათ, რომელსაც
ქუთაისისთვის ინდუსტრიის მშენებელი ქალაქის სტატუსი უნდა
დაებრუნებინა.
ქარხნის იდეის პრეზენტაცია ხელისუფლებამ, 2019 წელს, საზეიმოდ,
მუსიკის ფონზე ჩაატარა და ელექტრომობილების ვიდეოც გვაჩვენა.
როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განმარტა,
ელექტრომობილების წარმოება 2020 წლიდან დაიწყებოდა.
მისივე თქმით, ქარხნის წარმადობა 40 ათასი ავტომობილი იქნებოდა,
საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი
ავტომობილი ექსპორტზე, ევროკავშირში, წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯია“
უნდა გაეტანათ.
ქუთაისში, ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი
გეგმავდა, რომელიც საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით
შემოვიდა.
საწარმოს ასაშენებლად, ეკონომიკის სამინისტრომ, "აი გრუპს",
ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე არსებული 1000 ჰა მიწა და
მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 2019 წელს, სიმბოლურ ფასად,
ერთ ლარად გადასცა.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელს ადგილზე საწარმო ორი
წლის ვადაში უნდა აეშენებინა, რომელიც გათვლილი იქნებოდა სულ მცირე
5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაესაქმებინა 300 ადამიანი.
თუმცა, 2 წლის შემდეგ "აი გრუპის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა,
რომ საწარმოს მშენებლობა გადავადდა, რადგან ჩინეთიდან მშენებლობის
კონსულტანტების ჩამოსვლა პანდემიის გამო შეფერხდა.
მალევე კი, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ
განუხორციელებელ დაპირებაში პანდემია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ
კოვიდპანდემიის გამო მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.
ამიტომ, მის ნაცვლად, იმავე ტერიტორიაზე ელექტრობატარეების საწარმოს
მშენებლობა დააანონსა (2021 წელს). თუმცა, ეს დაპირებაც დაპირებად
დარჩა.
ადგილზე, სადაც სხვადასხვა დროს ორი საწაროს გახსნა დაანონსდა,
მთავრობამ 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ რკინის ღობის და ამ ღობის შიგნით
პატარა ნაგებობის ჩადგმა შეძლო, რომელიც შემდეგ ისევ დაანგრია.
მასალის გამოყენების პირობები