სოციალური საწარმო -"შინ" დასაქმების პერსპექტივა ბენეფიციარებისთვის
16:04 / 24.06.2024
ქუთაისში, სოციალური საწარმო, რომელიც 15 ბენეფიციარს აერთიანებს,
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ფინანსური პრობლემების წინაშე
დადგა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში "რუბიკონი", რომელიც საწარმოს
დამფუძნებელი გახლდავთ, განმარტავენ, რომ კანონის გამო შეცვლილმა
კურსმა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი
დამოკიდებულებამ მათზეც იმოქმედა. ამჟამად, საწარმოს
დაფინანსების დიდი ნაწილი გაჩერებულია. სოციალური საწარმო ქუთაისში
ერთი წელია ფუნქციონირებს, სადაც მრავალფეროვანი და ხარისხიანი
პროდუქცია იქმნება. ამ პროდუქციას ნარკოტიკების ყოფილი მომხმარებლები
და ჩანაცვლებითი თერაპიის მონაწილეები ქმნიან. საწარმოც მათთვის და
მათ მიერ შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით.
საწარმოს შექმნას სხვა მიზანიც ჰქონდა.
"ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო ხელი შეგვეწყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც
დაგეგმილი ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა, აქ მიგვეცა საშუალება ნორმალური
შრომისა და ნორმალური ანაზღაურების", - ამბობს საწარმოს ერთ-ერთი
დამფუძნებელი, დავით ფორჩხიძე. თუმცა, მისი თქმით, "რუსულმა კანონმა"
მათ ორგანიზაციას, ისევე როგორც ბევრ სხვას, შეუქმნა შეჩერების და
გაუქმების საფრთხე.
"ეს დაფინანსება გვაძლევდა საშუალებას კონკურენტუნარიანები
ვყოფილიყავით. სოციალური საწარმოს პლუსი სწორედ ეს არის. ამჟამად
ვცდილობთ ჩვენი ძალებით, შესაძლებლობებით და ფინანსებით გავართვათ
თავი საქმიანობას. ვცდილობთ მარკეტინგის თემაში გავერკვიოთ. ჩვენი
დონორები დაინტერესებულები იყვნენ იმით, რომ კერძო სექტორი მოეზიდათ,
დაგვედო კონტრაქტები და გვემუშავა მათთან. ეს პროცესიც გაჩერებულია,
არანაირი კონტრაქტები და იქამდე კონტაქტებიც აღარ არის. არასამთავრობო
ორგანიზაციებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, გვერიდებიან," - ამბობენ
არასამთავრობო ორგანიზავიაში.
ორგანიზაცია "რუბიკონი" ქუთაისში 2012 წლიდან მუშაობს. ეს არის სათემო
ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანისა და
ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების უფლებების ადვოკატირება,
ხელშეწყობა, დახმარება და სხვა. "რუბიკონში" სოციალური საწარმოს
შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება ერთი
წელია რაც მოხერხდა, ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
თბილისი" დახმარებით და ევროკავშირის მხარდაჭერით. რუსული კანონის
მიღების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი
შეცვლილი დამოკიდებულების მიუხედავად, ფორჩხიძე ამბობს, რომ
გაჩერებას არ აპირებს და შეეცდება სოციალური საწარმოს გადარჩენას.
საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, რუსული კანონის მიღების
გამო, ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა
შეჩერების/გაუქმების საფრთხის წინაშეა, რაც პირდაპირ გავლენას
იქონიებს მოსახლეობის სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი "ქართულმა
ოცნებამ" 3 აპრილს მეორედ დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი
აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო
მოსმენით მაინც მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის"
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგიური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ
პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები