მუზეუმის ყოფილი შენობა, როგორც საპირფარეშო (ვიდეო)
15:26 / 13.08.2019
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ყოფილი
შენობა რვა წელია მიტოვებულია.
ის უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუზეუმო ექსპონატები
პუშკინის ქუჩაზე, ბანკის ყოფილ შენობაში გადაიტანეს. მას შემდეგ
შენობის ბედით არავინ დაინტერესებულა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მისი შესასვლელის
დაცვაც ვერ უზრუნველყო, რის გამოც, შენობა განადგურდა. ადგილობრივები
მას საპირფარეშოდ იყენებენ. უკიდურეს ანტისანიტარიაში ღამეს ათევენ
უსახლკაროები.
ქუთაისის მერია,
მიტოვებული შენობის ამორტიზებულ ფასადს, წლების
განმავლობაში პიარისთვის იყენებს. შენობამ ქალაქის ცენტრის იერსახე
რომ არ დაამახინჯოს, მასზე, ქალაქში განხორციელებული
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამსახველ ბანერებს
აკრავენ.
მუზეუმის ყოფილი შენობის შესყიდვას და იქ "ქორთიარდ მარიოტის"
ბრენდის სასტუმროს აშენებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია ჯერ კიდევ 2017
წელს გეგმავდა. ამ მიზნით იგი მოლაპარაკებებს ეკონომიკის
სამინისტროსთან ახორციელებდა, თუმცა, მოგვიანებით პროცესი შეჩერდა.
ახლა კი ირკვევა, რომ სამინისტრომ შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად
სახელმწიფო საპარტნიორო ფონდს გადასცა.
ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, არ შეცვლილა თემურ ჭყონიას
გეგმა, თუმცა, ახლა ბიზნესმენი ამას, სავარაუდოდ,
სახელმწიფოს დახმარებით გააკეთებს.
საპარტნიორო ფონდში ადასტურებენ, რომ მუზეუმის ყოფილ შენობაში
სასტუმროს მშენებლობის გეგმა განიხილება, თუმცა, არც ბრენდს და
არც ობიექტის მშენებლობით დაინტერესებული პირის ვინაობას არ
ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები