„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა” და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს
საჩივრით
მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია
ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასევე
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, უკანონო
პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის,
მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
საჩივრით მიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით
დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები,
როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5
მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6
მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის
მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი),
კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში
(სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების
შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ, 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ
ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12
იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე
დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5,
ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.
38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი ისევ
პენიტენციურ დაწესებულებაში (27 თებერვალს) დააბრუნეს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი
ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით
საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
მასალის გამოყენების პირობები