პოლიტიკა
"ოცნებამ“ გრანტების გაცემა/მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე აკრძალა
FaceBook
"ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა "გრანტების შესახებ"  საკანონმდებლო პაკეტი,
რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "გრანტების შესახებ" კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას 80-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონის მიერ ახლადდაწესებული მოთხოვნები არ გავრცელდება აქამდე გაცემულ თუ მიღებულ გრანტებზე, - თუკი გრანტის ხელშეკრულება არ შეიცვლება.

ცვლილებების შედეგად:

გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;

პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;

გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;

თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;

უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.
Print