პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს) კი სასამართლომ 300 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ბრალდება, რაც სააკაშვილსა და ჯანაშიას 9 მილიონი ლარის „ჯგუფური გაფლანგვის“ საქმეზე ჰქონდათ წარდგენილი, 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. „ბიძინას მონა“, - ასე უწოდეს მათ მოსამართლეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, რასაც იგი, სხვა ბრალდებებთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის დარბევის საქმეზე; კიდევ ერთი ბრალდება ითვალისწინებს „საზღვრის უკანონოდ კვეთას“ - 2021 წელს.

სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მალულად ჩამოვიდა უკრაინიდან, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ იგი პატიმრობაშია.

ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, 2022 წლის 12 მაისს, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
Print