პოლიტიკა
25 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება
FaceBook
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტს ასევე წარედგინება სამთავრობო და 4-წლიანი პროგრამაც. ამიტომ, კობახიძემ სამინისტროებს სთხოვა, სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე მუშაობა დაიწყონ.

„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში.

4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

16 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიციისათვის ეს არჩევნები გაყალბებულია და ამიტომ აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

Print