პოლიტიკა
პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა
FaceBook

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.


ამის შესახებ ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების შეშფოთება.

„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა.

მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მორატორიუმის გამოცხადების შესახებ წინ უძღოდა მის მიერ 18 წლის ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება, რასაც საზოგადოების მხრიდან შეშფოთება და კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 
ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა.
Print