განათლება
ქუთაისელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა
FaceBook
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.

ის ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს შორის, რომელთაც 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდა. კონკურსში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც, სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ, 10 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

მასწავლებლის ეროვნული პრემია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს დაწესდა. შესაბამისად, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.





Print