განათლება
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა
FaceBook
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნინო წერეთელის თქმით, ეს რიცხვი ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 600 აპლიკანტი გააგრძელებს.

2024 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
Print