საქართველოში მიმდინარე კვირას
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შემოვა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა,
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ
კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის
სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის "ფაიზერის" შექმნილი
"პაქსლოვიდი". სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და მიხარია, რომ
ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. პრეპარატი გადაეცემა მათ, ვინც
პოტენციურად შეიძლება ინფიცირების შემთხვევაში დამძიმდეს, მაგალითად
აქვს ქრონიკული დაავადებები, მათ უფასოდ დავურიგებთ. ინფიცირებიდან
პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების
მიღება. რაც შეეხება დოზებსა და ფასს, მირჩევნია კონფიდენციალურად
დავტოვო იმიტომ, რომ ეტაპობრივი მოწოდებაა და გაუთქმელობის კონტრაქტი
გვაქვს დადებული" - განაცხადა მინისტრმა.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი
გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული
შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, მათ შორის, პირბადის ღია სივრცეში
ტარების ვალდებულება.
მასალის გამოყენების პირობები