საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის
წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული
შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს
და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან
მოქალაქეები მიიღებენ.
„გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების
პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ
ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი
დაიწევს 50 წლამდე და თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი იღებდა
დახმარებას, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც
აიცრება. ეს იყო გადაწვეოილება, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ
მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება
იმისთვის, რომ 50 წელს ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც აიცრება, მივცეთ
200- ლარიანი წახალისება. ჯერჯერობით, ეს ღონისძიება იანვრის თვისთვის
გაგრძელდა, შემდგომ ვნახოთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.
საქართველოში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია მარტში
დაიწყო. მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, წლის
ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60 % უნდა ყოფილიყო აცრილი.
თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საერთოდ, ჯანდაცვის სისტემის
არაეფქტური საინფორმაციო კამპანიის გამო იმუნიზაცია პასიურად
მიმდინარეობს. შესაბამისად, 27 დეკემბრის მონაცემებით:
სულ ჩატარებულია 2 466 815 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 276 364, 18 წელს ზემოთ ასაკის
მოსახლეობის 44.4%.
სრულად ვაქცინირებულია 1 124 908 ადამიანი, მოზრდილი
მოსახლეობის მხოლოდ 39.2%.
მასალის გამოყენების პირობები