ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ნამახვანჰესის"
მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს რომ ხელისუფლება რიონის ხეობის მცველებთან
საერთო ენას გამონახავს.
"ზოგადად მინდა ვთქვა, რომ "ნამახვანჰესის" მთელი ისტორია,
დრამა არის ცოტათი გაზვიადებული, რადგან პრაქტიკულად დღევანდელი
ვითარება მოიტანა 21 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა,
პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის
მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა, რაც პარადოქსულია. ისეთი დარგი,
რომლითაც საზრდოობს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა,
ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი
გახდა.
ამას ბევრი მიზეზი აქვს, არ ჩავალ ანალიზში - გარედან თავსმოხვეული,
შინაგანი მიზეზები, თუმცა, იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ამ
საპროტესტო მოძრაობასთან, რიონის ხეობის მცველებთან ჩვენ აუცილებლად
გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, მოიძებნება კომპრომისი.
დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა პატრიოტი, გულწრფელი ადამიანია,
რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ
სახელმწიფოსთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან
პატრიოტიზმი კიდევ სხვა რამესაც გულისხმობს", – განაცხადა ეკონომიკის
მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა საუბარში "ხუდონჰესის" საწინააღმდეგო პროტესტი
მოიყვანა.
"ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაც 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის
გარიჟრაჟზე მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული ძალიან
მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად შეჩერდა.მაგრამ დღეს გეტყვით სული
პასუხისმგებლობით, რომ ხუდონჰესი რომ გვქონოდა, გაცილებით უფრო
ძლიერები ვიქნებოდით აფხაზეთთან ურთიერთობაში, რუსეთთან ურთიერთობაში
გაცილებით უფრო წელგამართულები.დროთა განმავლობაში ამ მიდგომების
გადაფასება ხდება და ჩვენ, ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა
გვეკისრება'', - განმარტა ნათია თურნავამ.
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 238-ე დღეა
გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია.
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული
ხელშეკრულება;
კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;
გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო
უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები