დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან
გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებით, მესამე
ტალღის პიკში იმყოფება და ეს პერიოდი, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გასტანს.
როგორც გამყრელიძემ მედიავებინარზე ჟურნალისტებს უთხრა, სიტუაციის
კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად
აუცილებელია, პრევენციული ღონისძიებების დაცვა და ვაქცინაცია.
"26-27 აპრილიდან შევედით პიკში ანუ ეს არის მესამე ტალღის პიკი,
რომელიც ალბათ 2-3 კვირა გაგრძელდება. თუ შევინარჩუნეთ მაჩვენებლები
2-3 ათასის ფარგლებში იმ პრევენციული ღონისძიებების დაცვით, რაზეც
ხშირად ვსაუბრობთ, კარგი იქნება.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ იმ რიცხვებამდე არ ავალთ, რაც
ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა სხვადასხვა მიზეზების გამო. ეპიდსიტუაცია
გაუარესებულია, ხოლო ის, რომ გვაქვს 1 ათეულზე მეტი გარდაცვალების
ფაქტი ყოველდღიურად, ნიშანია იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს
ქვეყანაში და სერიოზული მესამე ტალღა გვაქვს", - განაცხადა ამირან
გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები