კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
ფარგლები ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის
თქმით, აცრის გაკეთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ
საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ამისთვის საჭიროა მხოლოდ შესაბამისი
დოკუმენტაციის წარდგენა და სურვილის დაფიქსირება. მათთვის რეგისტრაცია
სავალდებულო არ იქნება და ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობაც ექნებათ.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გაიხსნება
ვაქცინაციის ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინის გაკეთებას.
მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ჩვენ
ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის
პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. სქემა იქნება იგივე, რაც
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეებისთვის გვაქვს.
სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის
საფუძველზე და სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში ისინი გაივლიან
რეგისტრაცია და ჩაიტარებენ ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით დაახლოებით
იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ
ტერიტორიაზე იმყოფებიან, შესაბამისად მათთვის გვაქვს გამოყოფილი 5000
დოზამდე ვაქცინა, ასევე , საბჭოს აქვს ხედვა რა მარაგი იქნება
გამოყოფილი იქ მცხოვრები პენსიონერებისთვის", - განაცხადა ეკატერინე
ტიკარაძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციისთვის სულ
დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი, მათგან 10 000-ზე მეტს "ფაიზერის"
ვაქცინის გაკეთება სურს.
მასალის გამოყენების პირობები